7-08-2019
7 აპრილს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა: „ჯარისკაცებმა, ვინც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის”.
ეს სიტყვები შოთა უტიაშვილის განცხადების შერბილების მცდელობა იყო. ორი კვირის წინ სააკაშვილის პერიოდის შს მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა საზოგადოებას სრულიად ახალი ნარატივი შესთავაზა აგვისტოს ომთან დაკავშირებით - „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა”.
ფაქტების მოყვანით გადავხედოთ ამ „პლუსებსაც“, „მინუსებსაც“ და იმ „ამოსუნთქვასაც” რომელიც ქვეყნის მოსახლეობას 11 წლის განმავლობაში ვერ შეგვიფასებია.
სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა 2004 წლის იანვარში. ამ თარიღის მოცემულობით სეპარატისტულ ცხინვალში ჩასვლა შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის თავად მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც 2004 წლის 2 იანვარს იყო კიდეც ცხინვალში და ადგილობრივი ოსი მილიციელების თანდასწრებით აკრიტიკებდა კოკოითის მთავრობას. სააკაშვილამდე ცხინვალში ჩადიოდა შევარდნაძე და მისი მთავრობის წევრები, იყო შეხვედრები სეპარატისტებთან, ხდებოდა მათი აღჭურვა სამედიცინო და სხვა ტექნიკით. ეუთოს დახმარებით მიმდინარეობდა სამშვიდობო პროცესიც და რეგიონის ინფრასტრუქტურული აღდგენის სამუშაობიც. ერგნეთში ვაჭრობდნენ ქართველები და ოსები. ეკონომიკური ურთიერთობის პარალელურად იქმნებოდა შერეული ოჯახები. 1992 წელს დასრულებული შეიარაღებული კონფლიქტიდან გასული იყო 12 წელი და მაშინდელ ჭრილობებს იშუშებდა როგორც ქართული, ასევე ოსური მხარე. სამაჩაბლო მხოლოდ დეკლარირებულად წარმოადგენდა სეპარატისტულ „სამხრეთ ოსეთს”, რეალურად რეინტეგრაციის პროცესმა რეგიონი მჭიდროდ დააკავშირა დანარჩენ საქართველოს.
გაპრეზიდენტებიდან 6 თვეში სააკაშვილმა წერტილი დაუსვა ამ მდგომარეობას. 2004 წლის მაისში ასლან აბაშიძის გაძევებისა და „აჭარის შემოერთების” შემდეგ სააკაშვილმა გადაწყვიტა მსგავსი „ტრიუმფი” გაემეორებინა ცხინვალშიც, იმ იმედით, რომ რუსეთი ამ შემოერთებასაც არ შეეწინააღმდეგებოდა.
2004 წლის დასაწყისში სააკაშვილმა დახურა ერგნეთის ბაზრობა, ერთ თვეში კი გააძლიერა ქართული სამშვიდობო კონტინგენტი. სეპარატისტების პრეზიდენტმა კოკოითიმ გასცა ბრძანება და 60-მდე ქართველი პოლიციელი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი ცხინვალის ცენტრში დააჩოქეს, რასაც მოჰყვა ოქრუაშვილის რეაქცია. 2004 წლის 7 ივლისს სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა. შეტაკებების შედეგად საქართველომ 16 სამხედრო დაკარგა. დაიკარგა ქართული მხარის პოზიციებიც. წყალში გადაყრილი აღმოჩნდა 12 წლიანი სამშვიდობო პროცესის მიღწევებიც. 20 აგვისტოს თბილისს მოუწია საკუთარი სამხედრო შენაერთების გამოყვანა რეგიონიდან.
ისტორიის ეს მონაკვეთი ბევრს არ ახსოვს იმ მარტივი მიზეზით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ აწყობდა გახსენება. აშკარად ჩნდებოდა კითხვები _ რატომ მოხდა სამშვიდობო პროცესის ჩანაცვლება ესკალაციის პროვოცირებით? რა გათვლებით ხელმძღვანელობდა მაშინდელი ხელისუფლება, როცა იღებდა მსგავს გადაწყვეტილებას და რატომ არ აგო პასუხი არავინ წარუმატებელი ოპერაციისთვის. შესაძლოა უტიაშვილი ან ბოკერია თვლის რომ ერგნეთის ბაზრობის დემონსტრატიული, მოუმზადებელი დახურვა ღირდა 16 სამხედროს სიცოცხლედ, ცხინვალში პოზიციების დაკარგვად, კოკოითის გადაკიდებად, ოსებში ქართველებისადმი კვლავ შიშის გაჩენად და სამშვიდობო პროცესის ამოყირავებად, მაგრამ ფაქტია, 2004 წლის ავანტიურას საქართველოსთვის „პლუსები” და „ამოსუნთქვა” არ მოუტანია.
იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ხვდებოდა, რომ სააკაშვილის და ოქრუაშვილის რევანშისტულ პოლიტიკას შეეძლო საფრთხე შეექმნა მთელი საქართველოსთვის და სცადა ვითარების განმუხტვა კოკოითთან დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, მაგრამ მის სამშვიდობო პოლიტიკას დიდი მომავალი არ ჰქონდა, რამდენიმე თვეში ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მხოლოდ ძალაზე ორიენტირებული ფიგურები დარჩნენ, სააკაშვილს რევანშიზმი არჩეული ჰქონდა ძირითად საპროგრამო ამოცანად. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრაზე მარტივი იყო მოკლევადიანი ომით სამაჩაბლოს შემოერთება და ამით საკუთარი მმართველობის სიმტკიცის უზრუნველყოფა. ცხინვალის რეგიონში დაისადგურა ტერორმა, შეტაკებებმა და არასტაბილურობამ, დანარჩენ საქართველოში კი ტერორის ქვეშ მოექცა სიტყვის თავისუფლება, განსხვავებული აზრი, თავისუფალი მედია და ბიზნესი. სააკაშვილი ცდილობდა ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას, რასაც 2007 წელს მოჰყვა ოპოზიციის გამოსვლები და პრეზიდენტის საპასუხო სვლა _ 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევა და ოპოზიციონერთა დადანაშაულება რუსეთის აგენტობაში. დარბევა იმდენად რეზონანსული იყო, რომ სააკაშვილს მოუწია გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა 2008 წლის იანვარში. წინასაარჩევნოდ
სააკაშვილმა გაზარდა რევანშისტული და გამომწვევი რიტორიკა სეპარატისტული ცხინვალის მიმართულებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრისას თუ ტელეეთერებში ის იძლეოდა დაპირებას, რომ რამდენიმე თვეში საქართველო გაერთიანდებოდა, მინიშნებები კეთდებოდა ხან აფხაზეთის და ხან სამაჩაბლოს მიმართულებით, საზოგადოებაში გაჩნდა აზრი რომ უახლოეს პერიოდში სააკაშვილი ერთ-ერთ რეგიონს მაინც შემოიერთბდა.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა მოიგო, თუმცა სერიოზული კითხვები გაჩნდა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ, მათ შორის ეუთოს მხრიდან.
2008 წელს კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება ცხინვალის რეგიონში. რუსეთმა ჩაატარა ორი ფართომასშტაბიანი სწავლება საქართველოს საზღვრებთან, მოსკოვმა რამდენჯერმე ღიად გამოთქვა მზადყოფნა _ მხარი დაუჭირონ სეპარატისტებს და რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს თბილისიდან აგრესიის შემთხვევაში. დაზვერვაც აწვდიდა ხელისუფლებას ინფორმაციას რუსეთის გააქტიურების შესახებ, აშშ-ს მაღალჩინოსნებმაც გააფრთხილეს სააკაშვილი, არ წამოგებოდა პროვოკაციას და თავი შეეკავებინა, მაგრამ სააკაშვილმა არ გაითვალისწინა არც რუსეთის აქტივობების აშკარა ფაქტები, (სამხედრო ტექნიკის მიწოდება სეპარატისტებისთვის, რუსული მედიის რიტორიკა, წვრთნები, პუტინის და თავდაცვის მაღალჩინოსანთა განცხადებები, კოკოითის შენაერთების აშკარად პროვოკაციული და გამომწვევი სროლები ქართული მხარის მიმართ…), არც რჩევები პარტნიორებისგან, არც ის ფაქტი რომ ცხინვალიდან დაიწყო ოსი მოსახლეობის გახიზვნა ჩრდილო-ოსეთში… და 2008 წლის 7 აგვისტოს მიწურულს წამოიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაცია. საქართველოს საზღვრებთან მოლოდინის რეჟიმში მყოფი რუსეთისთვის ოპერაციის დაწყება საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა საქართველოში შემოსასვლელად და 8 აგვისტოს ღამის 2 საათიდან ოკუპანტები შემოვიდნენ საქართველოში. გამთენიისას კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე იერიში მიიტანა რუსეთის ავიაციამ. 8 და 9 აგვისტოს რუსეთის ავიაცია უკვე ბომბავდა გორს, ქარელს, ფოთს, კოდორს, მარნეულსა და ვაზიანს. 10 აგვისტოდან დაიწყო ქართული შენაერთების უკანდახევა, ხოლო 12 აგვისტოს კი უკვე ყველაფერი დასრულდა. საფრანგეთის შუამავლობით საოკუპაციო ჯარებმა შეწყვიტეს წინსვლა. 5 დღიანი ომი დასრულდა, ანუ უტიაშვილის და ბოკერიას ტერმინოლოგიით “საქართველომ ამოისუნთქა”.
ახლა ჩამოვთვალოთ ის ზარალი, რაც საქართველომ განიცადა და რასაც უტიაშვილი „მინუსებს” უწოდებს:
რუსეთ-საქართველოს ომმა შეიწირა 188 სამხედრო და პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. რეგიონიდან დევნილი აღმოჩნდა საერთო ჯამში 158 ათასი ქართველი და ოსი, რომელთაგან 130 ათასამდე ქართველია.
სამაჩაბლოს ქართული სოფლების უდიდესი ნაწილი დღეს აღარ არსებობს. ომის შემდეგ სეპარატისტული ცხინვალის მითითებით ქართულ სოფლები ბულდოზერებით იქნა გადასწორებული.
თბილისმა კონტროლი დაკარგა ახალგორის რაიონზე, რომელიც სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე 100%-ით თბილისის კონტროლს ქვეშ იყო, ხოლო სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2007 წელს სააკაშვილმა ახალგორი სანაკოევის მარიონეტულ ხელისუფლებას გადასცა. დღეს ახალგორის მოსახლეს სჭირდება ოკუპანტების ნებართვა სახლში მისასვლად.
საქართველომ დაკარგა კოდორის ხეობა, რომელიც დღემდე გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა ოკუპანტებისთვის ჩაბარებული.
საქართველომ დაკარგა დიდი რაოდენობის შეარაღება, რომელიც ასევე გაურკვეველ და გამოუძიებელ ვითარებაში აღმოჩნდა მტრის ხელში.
როგორც ჩანს, უბრალო “მინუსად” უნდა მოინათლოს ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, სეპარატისტული რეჟიმების სრულად რუსეთის კონტროლს ქვეშ გადასვლაც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ახალი რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობაც და ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ დეპრესიაში ჩაგდებაც თან ისეთი “სოუსით” რომ ვერცერთმა ქართველმა ვერასდროს ვერ გაბედოს „აგვისტოს ომის” წინაპირობების, მიმდინარეობის ან დამდგარი შედეგის კრიტიკული განხილვაც კი. ყოველგვარი მსგავსი მცდელობა სააკაშვილის რეჟიმის და ნაციონალების მხრიდან ინათლებოდა და ინათლება, როგორც აგრესორის წისქვილზე წყლის დასხმა, თუმცა გაურკვეველია, რა შუაშია რუსეთუმეობა, როცა მაგლითად გიჩნდება კითხვა _ რატომ არ გაიცა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისგან ბრძანება სამაჩაბლოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დასაწყებად? თუ სეპარატისტებმა ევაკუაცია ჯერ კიდევ 3 აგვისტოს დაიწყეს და ეს ტელეეთერებით გადაიცა, რატომ იყო რთული, იგივე გაეკეთებინა თბილისსაც და სიკვდილისგან ეხსნა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე? რატომ არ დაიწყო ევაკუაცია 8, 9 ან 10 აგვისტოს მაინც? რატომ აქცია სააკაშვილის რეჟიმმა იმ დაღუპული მოხუცების, ქალების და ბავშვების გაწყვეტილი სიცოცხლეები „მინუსად”?
რა კავშირი აქვს რუსეთთან კითხვას:- რატომ არ მიმართა სააკაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს, როცა იცოდა, რომ რუსეთი საკუთარი შეარაღების კონცენტრაციას ახდენდა საქართველოს საზღვართან? რატომ მისცა საბაბი აგრესორს, ომის შემდეგ თავი გამოეყვანა მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისგან დამცველად?
კიდევ ერთი, დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ არ მომზადა უშიშროების საბჭომ და თავდაცვის სამინისტრომ უკანდახევის სათადარიგო გეგმა? რატომ აღმოჩნდა წინა ხაზზე გასული ქართველი სამხედრო დაუცველი, რატომ იყო მოშლილი კოორდინაცია შენაერთებს შორის, რატომ არ იყო გამართული ლოგისტიკა, რატომ არ იქნა გატანილი უსაფრთხო ადგილას შეიარაღება ან რატომ არ განადგურდა ის ტექნიკა, რომლის გადარჩენაც შეუძლებელი იყო? ვინ უნდა აგოს პასუხი უნიჭო დაგეგმვას შეწირული ჩვენი მეომრების ოჯახების წინაშე? ის დაღუპული სამხედროები, ვისაც ბოკერია ახსენებს, დღეს შეიძლება ცოცხლები ჰყოლოდა ოჯახებსა და სამშობლოს, მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სამხედრო სპეციალისტების აზრი რომ გაეთვალისწინებინა და პროფესიონალთათვის დაეთმო სამხედრო საქმე. ამ დამღუპველი და გამოუსწორებელი შეცდომების შესახებ საქართველო ვერ შეიტყობს მანამ, სანამ თემა დარჩება ტაბუირებულად, მანამ სანამ არ აეხდება ფარდა 6 აგვისტოს თათბირის დეტალებს თავდაცვის სამინისტროში, მანამ სანამ წუთობრივად არ აღდგება და არ გაანალიზდება ხელისუფლების და გენერალიტეტის ნაბიჯები, სანამ სპეციალისტები არ დადებენ დასკვნებს იმ დროინდელ გადაწყვეტილებებზე, სანამ პასუხს არ აგებენ ადამიანები, რომელთა არაპროფესიონალიზმმა და სიმხდალემ შეიწირა ჩვენი გმირების სიცოცხლე, ხელი შეუწყო ოკუპანტს და აზარალა ქართული სახელმწიფო.
და ბოლოს, რატომ რჩება ეს თემა დღემდე ტაბუდადებული? იმიტომ ხომ არა, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას მოჰყვება ბევრი მაშინდელი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა და შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის დაზარალება?
რაც შეეხება აგვისტოს ომის “პლუსებს”. ამ ეროვნული ტრაგედიიდან “პლუსი” დაიწერა მხოლოდ სააკაშვილმა, რომელმაც თავიდან არაცილებული და წაგებული ომი საკუთარ გამარჯვებად, საკუთარი ლეგიტიმაციის გამყარებად და გახანგრძლივებად აქცია. ომამდე სრულიად დელეგიტიმირებული, არაპოპულარული ბელადი იქცა „უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად”, რომლის კრიტიკა, შექმნილი გარემოებიდან არაეთიკურად მიიჩნია მაშინდელმა ოპოზიციამ და მორატორიუმი გამოაცხადა პრეზიდენტის ოპონირებაზე. ასეთი საჩუქარი ოპოზიციისგან სააკაშვილმა წარმატებით გამოიყენა და ქვეყნის ასეთი კატასტროფული დაზარალების შემდეგ კიდევ 5 წლით გაიხანგრძლივა მმართველობა. სხვა პლუსი საქართველოს ომისგან არ მიუღია, რასაკვირველია. იხეირეს აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა, რომლებმაც რუსეთისგან მიღებულ აღიარებასთან ერთად მიიღეს ფინანსური დახმარებები. ყველაზე მეტად იხეირა თავად რუსეთმა. კრემლმა უზადოდ ითამაშა სააკაშვილის ამბიციებზე, დაუძლეველ ბელადომანიაზე, უსაფუძვლო რევანშიზმე და ამ თვისებების ოსტატური გამოყენებით მოახდინეს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ოკუპაციაც და სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ბაზების შექმნაც.
აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ საქართველოს კვლავ ყავს მეზობლად აგრესიული და ბევრად უფრო გაძლიერებული იმპერია. სეპარატისტული რეჟიმებთან კონტაქტი ფაქტიურად არ არის. სოხუმიც და ცხინვალიც შეცვლილია. ორივე რეგიონს დღეს რეალურად რუსი სამხედროები მართავენ და ამ რეალობას უწოდებს უტიაშვილი “ამოსუნთქვას”? შესაძლოა ამოსუნთქვაში იგულისხმება ის 4 მილიარდ დოლარიანი სესხი, რომელიც დასავლეთმა გამოუყო ომში დამარცხებულ საქართველოს, თუმცა საეჭვოა, რომელიმე მოქალაქეს ეს კომპენსაცია საკუთარ თავზე შეეგრძნო. ამ შემთხვევაშიც, თუ ამოისუნთქა, ისევ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც დღესაც არ აკლია ფინანსები, ისევე როგორც არ აკლია თავხედობა, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ეცადოს დესტაბილიზაციის კერების შექმნით ახალი პლიუსების მიღება.
7 წელია, რაც ქვეყანას ოცნების ხელისუფლება მართავს, 7 წელია ახალი ხელისუფლება ახერხებს აარიდოს ქვეყანა ოკუპანტთან უაზრო დაპირისპირებას და ახალი კონფლიქტების პროვოცირებას, პარალელუად კი აღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას. და ამ ვითარებაში ნაციონალური მოძრაობა კვლავ ცდილობს კრემლის აგრესიის პროვოცირებას, თუ კონფლიქტის ესკალაციით ვერა, უბრალო გინებით და ტურისტების დაფრთხობით მაინც. სხვათაშორის იმ ტურისტების, რომელთა საქართველოში უვიზო შემოსვლა დაუშვა სააკაშვილმა, აგვისტოს ომის შემდეგ.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ დღემდე ვერ ამოისუნთქა და ვერც ამოისუნთქებს მანამ სანამ 130 000 დევნილი არ დაბრუნდება სამაჩაბლოში, სანამ 250 000 დევნილი არ დაუბრუნდება აფხაზეთს, სანამ არ მოხდება ქვეყნის სრული დეოკუპაცია და არ დაიწყება ხანგძლივი, მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი შერიგება აფხაზებთან და ოსებთან, რისთვისაც პირველ რიგში საჭიროა მშვიდობა და განვითარება, ორი მოცემულობა, რომელიც არ აწყობს ნაციონალურ მოძრაობას, ორი მოცემულობა, რომელიც 2008 წელს სააკაშვილმა საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას და ამბიციებს ანაცვალა.
ავტორი: გიორგი უძილაური