გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვქმნით ისტორიულ მომენტს, როცა საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება

9-08-2019

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლება, თანამოაზრეებთან ერთად, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენმა შვილებმა ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში შეძლონ ცხოვრება

„საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში და აშშ-თან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ისტორიულ მომენტს - როცა საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება. ჩატარებული წვრთნები სწორედ ამას ადასტურებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული“-ს დახურვის ცერემონიაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისათვის თითოეული საერთაშორისო წვრთნა განვითარების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთთავსებადობის ზრდა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად „მტკიცე სული“ არის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის ურყევი ვალდებულება მასში მონაწილე თითოეული სახელმწიფოს მხრიდან.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი ,,მტკიცე სული” დაემთხვა საქართველოზე აგრესიული თავდასხმის მეთერთმეტე წლისთავს. მისივე თქმით, განვლილმა ათწლეულმა კარგად დაანახა მსოფლიოს, რომ თავისუფლება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია.

„საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა პატრიოტთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენმა შვილებმა შეძლონ ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ათწლეულების მანძილზე საქართველოსთვის დემოკრატიულ განვითარებისა და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, საამაყო ფაქტია, რომ საქართველოს თავისუფალი სამყაროს ლიდერ სახელმწიფოებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული“-ს მონაწილეებს, მხარდამჭერებს და სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა მიმართეს.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული-2019“ საქართველომ წელს მეცხრედ უმასპინძლა. სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930