გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია: ჩვენს მომავალს სწორედ პარტნიორობის სიძლიერეში ვხედავთ, რომელიც მტკიცე ღირებულებებს ემყარება

9-08-2019

მრალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019 დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და ალიანსთან თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანის განხორციელების, ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მთავარ ფაქტორად საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა დაასახელა. მინისტრის განცხადებით, სტრატეგიული მზადყოფნა ალიანსში გაწევრიანებისთვის მაქსიმალურ პრაქტიკულ მომზადებას ითვალისწინებს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა საქართველომ თავდაცვის სფეროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა: „სწორედ სტრატეგიული მზადყოფნის პირობებში, რომლის მთავარი დანიშნულებაა ჩვენი სტრატეგიული ამოცანის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ვიყოთ მაქსიმალურად პრაქტიკულად მზად გაწევრიანებისთვის, მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ - იქნება ეს ტოტალური თავდაცვის სისტემის ფარგლებში ახალი რეზერვის ჩამოყალიბება, ტერიტორიული თავდაცვის პრინციპის შესაბამისად, ყველაზე ამბიციური - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და მისი წარმატებით განხორციელება, თუ იქნება ეს ჩვენი შეიარაღების მოდერნიზება და ასევე, ახალი მიდგომების ფილოსოფიების პრინციპების დანერგვა, რომელიც ამოცანით მართვის კონცეფციას უკავშირდება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისწრაფების კონტექსტში ლევან იზორიამ, ნატოს, როგორც მშვიდობისმყოფელი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ისტორიული როლი, ხაზგასმით აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციაც, პირველ რიგში, მშვიდობის უზრუნველყოფას უკავშირდება: „ისტორიული პერსპექტივის ფარგლებში ცხადი ხდება იმის დანახვა, რომ ნატომ შეძლო თავის დროზე დაპირისპირებული ერების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ეს შესაძლებელი გახდა პარტნიორობითა და ჩვენი ნატოში გაწევრიანების ამბიციაც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფას უკავშირდება. ყველას გვახარებს ის მიდგომა, რომელიც ნატოს განსაკუთრებით ვარშავის სამიტის შემდეგ აქვს, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს რეგიონული კონტექსტი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია, რომლის რეალიზაციაც ერთობით, მტკიცე ღირებულებების ერთგულებითა და ძლიერი პარტნიორობით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით გვესახება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930