გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა ზაალ უდუმაშვილისა და ნოდარ მელაძის ქონებითაც დაინტერესდა

9-08-2019

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს „რუსთავი - 2“- ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, გვარამიას ბრალად კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება ედება.

უფრო კონკრეტულად, გვარამიას საგამოძიებო უწყება 6 მილიონზე მეტ თანხას ედავება, რომელიც კომპანიას უნდა მიეღო, მაგრამ ასე არ მომხდარა. 

პროკურორმა დეტალურად ისაუბრა იმ სქემაზე, რომლის თანახმადაც კომპანიის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები „რუსთავი 2“ - ის ანგარიშებზე არ აისახებოდა.

კერძოდ, გვარამიამ ხელშეკრულება მისი მეგობრების მიერ დაფუძნებულ კომპანია „ინტერ მედიასთან“ გააფორმა, რომელსაც უფლება მისცა, რომ სამი არხის: „რუსთავი 2“ -ის, მარაოსა და ახალი არხის სარეკლამო დრო გაეყიდა. მიუხედავად იმისა, თუ რა იქნებოდა რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, გვარამიას გადაწყვეტილებით კომპანია ფიქსირებულ შემოსავალს მიიღებდა. მხოლოდ 2015 წლის პერიოდში“ რუსთავი 2“ - ის ზარალმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო „ინტერ მედიას“ მოგება 9 მილიონ ლარამდე იყო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის პერიოდში, კომპანია „ინტერ მედიამ“, რომელსაც „რუსთავი 2“ - ის იმჟამინდელი დირექტორი, დიმიტრი საძაგლიშვილი წარმოადგენდა, საკუთრებაში ვაკეში მდებარე, 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ მიიღო. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გადაეცა, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა - საერთო ჯამში 602 521 ლარად.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის შესწავლის საგანს წარმოადგენს ტელეკომპანიის ყოფილი მენეჯმენტის სხვა თანამშრომელების ქონებაც, მათ შორის, საუბარია ზაალ უდუმაშვილისა და ნოდარ მელაძის კუთვნილ ბინებზე, რომლებიც თითქმის იმ პერიოდში შეიძინეს, როცა გვარამიას საკუთრებაში 2 ბინა კომპანია ინტერ მედიამ გადასცა.

ზაალ უდუმაშვილს, კურიერის ყოფილ ტელესახეს, რომელიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვაკეში ერთ-ერთ პრესტიჟულ კორპუსში 141.20 კვ. მ ბინას ფლობს. აღნიშნული ქონების რეგისტრაციის თარიღი 21/11/2016-ია.

ასევე, საჯარო რეესტრის მიხედვით, ნოდარ მელაძესაც ვაკეში 71.30 კვ.მ-ის ბინა აქვს. ქონების რეგისტრაციის თარიღად 06/09/2016 ფიქსირდება. 

ჰქონდა თუ არა პროკურატურას მათთან კითხვები, ამის გასარკვევად უდუმაშვილს დავუკავშირდით.
როგორც ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, მის სახელზე რეგისტრირებული ბინა მისი პირადი საკუთრებაა და ამ საკითხზე მას პროკურატურა არ გამოხმაურებია და გამოკითხვაზე დაბარებას არც ელოდება. 

„ვინც ქონება მაგ პერიოდში შეიძინა, ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა დაკითხონ? არ შემხმიანებია არავინ პროკურატურიდან და არც ველოდები. აღნიშნული საცხოვრებელი ჩემი პირადი საკუთრებაა“, - განმრატვს უდუმაშვილი. 

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, მას აღნიშნულის შესახებ კითხვა ვერ დავუსვით, რადგან საუბრის დასაწყისშივე გვითხრა, რომ სასაუბროდ არ ეცალა.




primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031