13-08-2019
თუ ჩვენ შევხედავთ მთლიანად ეკონომიკას, მაკროეკონომიკურ სიტუაციას, ყველა ძირითადი ფაქტორი ჯანსაღია და გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან და ახლა მიმდინარეობს ლარის კურსის სტაბილიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივლისში ტურიზმის სექტორმა, პირველადი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარით ნაკლები მიიღო.
„არსებობს ფაქტობრივი სტატისტიკა და არსებობს საპროგნოზო მაჩვენებლები, ეს ნორმალური მოვლენაა. მე მექნება თხოვნა, აქცენტი გავაკეთოთ ყოველთვის შინაარსზე. ნებისმიერი საკითხის გარშემო კონსპირაციული თეორიების განვითარება არ მგონია, სწორი იყოს და ეს აინტერესებდეს საზოგადოებას. ბუნებრივია, ტურიზმის სექტორი დაზარალდა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი შეფასებით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარით ნაკლები მიიღო. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები სხვა მიმართულებით - იქნება ეს ექსპორტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ სხვა მიმართულებები. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური საკითხების დინამიკა არის პოზიტიური, ამას იზიარებენ კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და მათ გააკეთეს პროგნოზები. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებაც იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, ვინც არ უნდა ისაუბროს, ფაქტია, რომ ტურიზმის სექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი ზარალი და პირველ რიგში, სწორედ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, მთავრობა ვალდებულია, დაეხმაროს ტურიზმის სექტორს და ამ მიმართულებით დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები.
„ვალდებულნი ვართ, ამოვუდგეთ გვერდში ტურიზმის სექტორს და დავეხმაროთ. შევიმუშავეთ ორი პროგრამა და ამ ორი პროგრამის ფარგლებში და ასევე სხვა დაგეგმილი აქტივობებით, ვფიქრობთ, დავაბრუნებთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა ტურიზმის სექტორში. საუბარს იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა ამ შეზღუდვებით, არ ვიცი რა დავარქვა, ეს არც კონსპირაციის თეორიაა და არც ტყუილი, ამაზე უფრო დიდი დეზინფორმაცია არ ვიცი, რა უნდა იყოს. ჰკითხეთ ამ სექტორში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს, მცირე და საშუალო მეწარმეებს აჭარაში. ივნისში ჩვენ გვქონდა 40-პროცენტიანი ზრდა და შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვარდნა ივლისში. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.