13-08-2019
ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ 100 მლნ ლარის მოპარვისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არავის ეპატიება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნაზე საუბრისას აღნიშნა.
„როგორც დღეს გავრცელდა ინფორმაცია, აღკვეთილი იქნა, ასე ვთქვათ, თაღლითური ჯგუფების მცდელობა 100 მლნ ლარის მოპარვისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაღაც ფაქტურების მანიპულაციებით. ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს 100 მლნ არის ერთი თვის პენსიონერების პენსია და კიდევ პედაგოგების ხელფასი, ამიტომ ეს არავის ეპატიება. არ შეიძლება ეს ადამიანები დატოვო სასჯელის გარეშე და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ასე ეფექტურად მუშაობენ ამის წინააღმდეგ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. როგორც სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.