14-08-2019
„მივესალმები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ ერთი მხრივ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, რათა მოხდეს ვალების რესტრუქტურიზაცია და მეორე მხრივ, იყოს იმის მკაფიო სიგნალი, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე და გადასახადის გადახდის ვალდებულება ყველას თანაბრად გააჩნია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანიების დავალიანებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, ერთი მხრივ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოხდეს ვალების გასტუმრება და მეორე მხრივ, შეიქმნას იმის პრევენცია, რომ მომავალში დავალიანება აღარ გროვდებოდეს.
„პრაქტიკამ, რომელიც ამნისტიას ეფუძნებოდა ცხადყო, რომ ამით რეალურად პრობლემის გადაჭრა არ მომხდარა, რადგან ყოველი ამნისტიის შემდეგ სხვადასხვა მედია მაუწყებელს დავალიანება ისევ უგროვდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გადასახადების გადახდა არის ჩვენი ვალდებულება არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების, არამედ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ჩვენ საერთო დოვლათს.
აქედან გამომდინარე, რა სახის ბიზნესიც არ უნდა იყოს აუცილებელია, რომ გადასახადების კეთილსინდისიერი გადახდა ხდებოდეს“, -აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.