გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში

15-08-2019

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2018 წლის მონაცემებს აფასებს.

"საქსტატმა“ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რაც 2,7%-ით მეტია წინასწარ მონაცემზე. ასევე დაზუსტდა 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის მონაცემებიც.

როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ და მას გასულ წლებს ვადარებთ, მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე არა ცალკეული წლის, არამედ ჯამური ეფექტით უნდა შეფასდეს. აღნიშნული მონაცემების ზერელე ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ვიდრე თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლიან პერიოდში, 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი 9 მლრდ 483 მლნ. შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.

კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და ათვლა 2001 წლიდან დავიწყოთ, 2001 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში სულ 9 მლრდ $508 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით კი საქართველოში $10 36 000 000-ის პირდაპირი უცხორული ინვესტიცია შემოვიდა. თითქმის 6 წელიწადში - უფრო მეტი, ვიდრე იქამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე.

რაც შეეხება 2018 წელს, ის იმითაც არის აღსანიშნავი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში. 

ნიშანდობლივია, რომ დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 41%-ით და 140 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა $62.2 მლნ-ს გაუტოლდა და წინა წელთან შედარებით 20.1%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ინვესტიციებში სულ უფრო მზარდია ევროკავშირის წვეყნების წილი. ქვეყნების მიხედვით 2018 წელს აზერბაიჯანის შემდეგ(246.4 მლნ. აშშ. დოლარი), ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ნიდერლანდებიდან $208.4 მლნ შემოვიდა, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან - $178.8 მლნ.

გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ თუ გასულ წლებში ინვესტიციების შემოდინება ძირითადად ხდებოდა არასამეწარმეო სექტორებში და როგორც წესი შედარებით დაბალ ტექნოლოგიურ დარგებში, რაც ამცირებდა ინვესტიციის ეკონომიკაზე ზეგავლენის ეფექტს, იცვლება ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელებიც. დღეს როდესაც ჩვენი ეკონომიკის ზრდის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი, ინვესტიციებთან ერთად, წმინდა ექსპორტის მზარდი დადებითი დინამიკაა, მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დამატებით ღირებულებას ეკონომიკაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სულ უფრო იზრდება ინვესტიციები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამიტომაც აქვს აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლას, ძალზე დიდი მნიშვნელობა. აშშ და ევროკავშირი არიან ლიდერები უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, სავსებით სწორია როდესაც საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვას, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელებას და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს ანიჭებს",- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930