21-08-2019
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.
„წარმატებით დავასრულეთ საკმაოდ ინტენსიური და რთული მოლაპარაკებები -იწყება პირდაპირი ფრენები ახალი მიმართულებებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. შეთანხმებულები ვართ თორმეტ ახალ მიმართულებაზე, მათ შორის არის ევროპის სხვადასხვა მიმზიდველი და საინტერესო ქალაქები, საიდანაც ველოდებით ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.
„შეთანხმებულები ვიყავით პირველ ეტაპზე სამი მიმართულებით ფრენის დაწყებაზე, თუმცა პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სამ მიმართულებას დაემატება კიდევ ერთი - კიოლნის მიმართულება, რომლის ბილეთების გაყიდვა წელსვე, ხოლო ფრენები მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება, “, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. კომპანიის ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის (მოროკო) და შუა აღმოსავლეთის (ისრაელი, ლიბანი და იორდანია) 38 ქვეყნის 1800 მიმართულებით 224 აეროპორტში ოპერირებს.
2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.