გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მცირე სასტუმროების დასახმარებლად თანადაფინასების პროგრამა გამოცხადდა

23-08-2019

მცირე სასტუმროების დასახმარებლად მოვამზადეთ და გამოვაცხადეთ კონკრეტული კრიტერიუმები საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ამოქმედდება პირველი სექტემბრიდან, მაგრამ დაფარავს 1-ლი აგვისტოდან დარიცხულ პროცენტს მომდევნო 6 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქობულეთში, მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მცირე სასტუმროებს მფლობელებს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის - „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროექტი გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან და ტურისტული ინდუსტრია გამოწვევის წინაშე დადგა, მთავარი სამიზნე ჯგუფი მცირე სასტუმროები და მათი დახმარება გახდა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ეს სეგმენტი დაზარალდა.


„სახელმწიფო თავის თავზე იღებს 6 თვის განმავლობაში იმ ბენეფიციარების საბანკო სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის თუ რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და მათი სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, გარდა ამ პროგრამისა, ასევე ძალაში რჩება საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც შეეხება უკვე ახალი სასტუმროების მშენებლობის ან გაფართოების მსურველებს, სადაც სახელმწიფო მეწარმეებს დიდი პროცენტით თანაუზრუნველყოფას სთავაზობს ბანკებში სესხის ასაღებად.


ნათია თურნავას თქმით, როგორც კი გამოწვევის წინაშე დადგა ტურისტული ინდუსტრია, ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა, შეემუშავებინა კონკრეტული გეგმა ამ სექტორის დასახმარებლად.
„ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ განვახორციელეთ ძალიან ბევრი მარკეტინგული ღონისძიება, დავაანონსეთ და დავიწყეთ ახალი პირდაპირი ფრენები და შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების კომპონენტი, რაზეც ყველაზე დიდი მოლოდინია და სწორედ დღეს გამოვაცხადეთ თანადაფინანსების მექანიზმი მცირე საოჯახო სასტუმროების დასახმარებლად, რაც ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.




მთავრობის ახალი ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო შეექმნათ სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები. აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი პუნქტია სამთავრობო გეგმიდან, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.


აღნიშნული მექანიზმი პირველი სექტემბერიდან დაიწყება. მას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას - უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.


თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს.


თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930