27-08-2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ორი დააკავეს.
დაკავებულთაგან, ერთი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო, მეორე ყოფილი თანამშრომელია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, 50 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში, რეგისტრაციაში გაეტარებინათ ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, 4 690 კვ. მეტრი მიწის ფართობი, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს.
დღეისათვის, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.