გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
20-21 ივნისს აქციის შეწყვეტისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი მიეცა

27-08-2019

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი მიეცა.

„გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

20-21 ივნისს მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან. მოცემულ საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“-აცხადებენ პროკურატურაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930