გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: თუ კონსორციუმი ვერ მოძებნის პროექტიდან გასული ამერიკული "კონტის" ალტერნატივას, სახელმწიფომ კი არ უნდა ააშენოს პორტი, არამედ თავად უნდა შევიდეს 42 %-იან წილში

29-08-2019

"ეს არის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და არჩეული ეკონომიკური სტრატეგიის ღია მხარდაჭერა“, - ექსპერტი ეკონიმიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში აზიის განვითარების ფონდის სტრატეგიაზე საუბრობს.

„აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. თანამშრომლობის ახალი სტრატეგია 5 წელზეა გათვლილი და 2019-2023 წლებს მოიცავს. იგი სწრაფი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც დღემდე ჩვენი ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ADB-ის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული სუვერენული სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რასაც სხვა პარტნიორებისგან თანადაფინანსების სახით მობილიზებული ფულადი სახსრებიც დაემატება. თანადაფინანსებაში კი მოიაზრება მთავრობის სამი მთავარი პროექტიც: აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება. ისე ცოტა ხნის წინ კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, ნაციონალურმა მოძრაობამ ახალ როკის გვირაბადაც კი მონათლა. ცალსახა შეფასებით- სამხედრო თვალსაზრისით საზიანოდ და მაღალი რისკის შემცველად, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით სულაც წამგებიანად. აქ როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის სჭირდება შესაბამისი საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ანაკლიის პროექტიც, რომელიც იძლევა დიდ პერსპექტივებს ქვეყნის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გადაქცევისათვის, სწორედ ერთიანი ინფრასტრუქტურის ბაზისში უნდა განვიხილოთ.

მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და არჩეული ეკონომიკური სტრატეგიის ღია მხარდაჭერა. მართალია, ეს მხარდაჭერა ისედაც ასახული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, იბიარდის თუ წამყვანი სარეიტინგო კომპანიების ბოლოდროინდელ შეფასებებში, მაგრამ პროექტი უნდა ჩაითვალოს ბოლო ათწლეულში მეორე უმსხვილეს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტად, ენერგო კომპანია BP-ს მიერ 2014-2018 წლებში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCP) შემდეგ, და ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდა, რაც ამ წლებში ეკონომიკური ზრდის მნიშნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.

აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი სესხიც, თანადაფინანსების სხვა წყაროებთან ერთად, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას მოხმარდება, ასევე უნდა განვიხილოთ მნიშვნელოვან ინვესტიციად, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორი გახდება. შემთხვევითი არ არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზრდის პროგნოზიც უახლოეს 5 წელიწადში არის რეგიონში ყველაზე მაღალი და საშუალოდ 5.1 %-ი იქნება.გარდა ამისა, ეს არის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს, როგორც რეგიონალური წამყვანი ცენტრის, მისი ბუნებრივი ისტორიული ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით. ერთის მხრივ, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების გახსნით და მეორეს მხრივ, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დერეფნების გაზრდით -შავი ზღვისა და ევროპის მიმართულებით.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შიდა დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, შესაძლებელი გახდება ეკონომიკის დეცენტრალიზაცია, თბილისიდან ეკონომიკური აქტივობების სხვა ქალაქებში და პერიფერიულ ცენტრებში გადატანა, ბიზნესის, ლოგისტიკისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ცენტრებად გადაქცევით.შედეგად უკვე უახლოეს წლებში, ჩვენ მივიღებთ საწარმოო პოტენციალისა და შრომითი რესურსების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაბალანსებულ გადანაწილებას, რაც დღემდე რჩებოდა ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად. ამასთან, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დასაქმდება, რეგიონების განვიათარება, საშუალებას მოგვცემს შევანელოთ ქვეყნიდან შრომითი მიგრაცია, განსაკუთრებით შრომისუნარიანი მოსახლეობის და ახალგაზრდობის გადინების შემცირებით, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისითაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და რაც მთავარია უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. ახალი 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს და გადამზიდავებს, რითაც ხელს შეუწყობს ამ მეტად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ტრანზიტის საერთო მოცულობამ 2015 წელს 1,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სატრანზიტო ვაჭრობის 12%-ია, მაშინ, როდესაც ტურიზმი ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტის დაახლოებით 7%-ია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქალაქები – გუდაური და სტეფანწმინდა კი ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებებია. აღსაანიშნავია, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონი აშშ დოლარია და თანადაფინანსება $60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და $83.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოს მთავრობისგან არის მოსალოდნელი. კავკასიის მთებში არსებული რთული რელიეფის გამო, საჭირო იქნება 5 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 11 კილომეტრს შეადგენს და ექვსი ხიდი, საერთო 1,6 კილომეტრი სიგრძით.პროექტის ფარგლებში მეორე სტრატეგიული მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთია, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო 2020 წელს ხაშურს უკვე ექნება შემოვლითი გზა. რიკოთის საუღელტეხილო გზა ჯამში 51 კმ-იანი მონაკვეთია, რომელიც არის ერთ-ერთი რთული მონაკვეთია. იგი მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს 4 ზოლიანი მაგისტრალის მოწყობას, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს რვა საათიდან, 4 საათამდე გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის, პროექტის ღირებულება რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, 732 296 478 ლარია და სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.აღსანიშნავია, რომ პროექტის ხორციელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში, საერთაშორისო ბანკების აქტიური ჩართულობით. ეს გარემოება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი ვერ მოძებნის პროექტიდან გასული ამერიკული "კონტის" ალტერნატივას, სახელმწიფომ კი არ უნდა ააშენოს პორტი, რაზეც არასწორი აქცენტირება ხდება, არამედ თავად უნდა შევიდეს 42 %-იან წილში და უნდა დაიქირაოს მშენებელი კომპანია, თუნდაც იგივე სქემით რაცაზიის განვითარების ბანკთან ხელმოწერილ ახალ სტრატეგიაშია. მით უმეტეს, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ბანკია იმ 4 ბანკთაგან, რომლებიც კონსორციუმისათვის 400 მილიონი დოლარის გამოყოფაზე სახელმწიფო გარანტიას ითხოვენ კომერციული რისკების დასაზღვევად“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930