გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

29-08-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეას ნორლენი მიიღო, რომელიც მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის გეგმებსა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გამახვილდა. შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ კოლეგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სპიკერებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეას ნორლენს მადლობა გადაუხადა შვედეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მისი შეფასებით, საქართველოს მიმართ მაღალ ინტერესსა და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ადასტურებს შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული და შვედური პარლამენტარიზმისთვის გამორჩეულ თარიღზეც გაამახვილა ყურადღება: „2019 წელი გამორჩეული თარიღია ორივე ქვეყნის პარლამენტარიზმის ისტორიაში - საქართველო აღნიშნავს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლისთავს, ხოლო შვედეთის სამეფო ზეიმობს საყოველთაო და თანაბარი ხმის უფლების შემოღების 100 წლისთავს. ეს თარიღები მიუთითებს, რომ ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების მქონე სამყაროს განუყოფელი ნაწილი ვართ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა შვედეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორის, განსაკუთრებული როლს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელების პროცესში.

„შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს და ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ევროკავშირი უფრო მეტად იყო წარმოდგენილი საქართველოსა და რეგიონში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრეას ნორლენმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ამ ვიზიტით გვსურს, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტისა და ამ ქვეყნის დემოკრატიული კულტურის მიმართ“,- განაცხადა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930