30-08-2019
„მაშინ, როდესაც ოკუპაციური ძალები ცდილობენ სიტუაციის ესკალაციას, ჩვენი ანტისაოკუპაციო შიდა მოძრაობები აძლიერებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას“ - სოფელ ჩორჩანასთან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე კამპანია „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას - დღეიდან განსაკუთრებით გააძლიერონ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია აკრიტიკებს.
მისი თქმით, სოფელ ჩორჩანასთან არსებული საკმაოდ დაძაბული ვითარების ფონზე, როცა ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რუსული სამხედრო ძალის წახალისებით ღია პროვოკაციაზე მოდის, ქართული მხარე კი არ აპირებს საგუშაგოს დაშლას და ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს საკუთარ პრინციპულ პოზიციას, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, კამპანია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები შედიან და აანონსებენ, რომ დღეიდან განსაკუთრებულად გააძლიერებენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას.
„როგორც გაირკვა, ულტიმატუმის ენით მოსაუბრე ორგანიზატორთაგან ერთ-ერთი ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას თანაშემწეა. ცინიკურია, რომ ეს იმ პოლიტიკური ერთეულის წარმომადგენელია, რომლის დროსაც დაიწყო ბორდერიზაციის რადიკალური პრობლემები და რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი დავკარგეთ“ - ამბობს ბაჩო ოდიშარია.
ანალიტიკოსი 2008 წლის ომის დროს ოპოზიციის მორატორიუმს იხსენებს, როდესაც მათ შეწყვიტეს სააკაშვილის კრიტიკა, რადგან ქვეყანას ერთად დგომა სჭირდებოდა, ახლა კი ეს ადამიანები და მათი ახალგაზრდა სატელიტები - აქციის ავტორები პირიქით იქცევიან, შიდა დივერსიას აწყობენ.
„კამპანია „სირცხვილია“ შეფუთულია, როგორც ანტიოკუპაციური მოძრაობა, მაშინ, როდესაც ოკუპაციური ძალები ცდილობენ სიტუაციის ესკალაციას, ჩვენი ანტისაოკუპაციო შიდა მოძრაობები აძლიერებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას. მსგავსი კვაზიპატრიოტიზმი, არ გამოხატავს არც ქვეყნის სიყვარულს და არც მისი ინტერესებისთვის ბრძოლას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. პატრიოტიზმი საჯარო სივრცეში გადაქცეულია საიმიჯო ატრიბუტად. პატრიოტიზმი პირველ რიგში გულისხმობს არა პირად, არამედ სახელმწიფო ინტერესებში მოქმედებას. რასაც დღეს ვაკვირდებით ანტიოკუპაციური ლოზუნგების და ამ იდენტობას დასაკუთრებული ჯგუფებისა და ინდივიდებისგან, არის გარე მტრებთან რთულ სიტუაციაში მყოფი სახელმწიფოს მიმართ ზეწოლის გაძლიერება. მაშინ, როდესაც საჭროა კონსოლიდაცია, დაუშვებელია შიდა კონფლიქტების გაძლიერება, ეს არის ყველაზე ანტისახალხლო ქმედება“ - ამბობს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, ამ ჯგუფებს რეალურად აწყობთ ეს მოცემულობა. რაც უფრო დასუსტდება „ქართული ოცნება“, მით მეტი ექნებათ შანსი კრიზისის დროს მასზე უკეთესები გამოჩნდნენ.
„მათ არა ქვეყნის ბედი, არამედ მთავრობის დასუსტება ადარდებთ, ხელისუფლებაში და ძალაუფლების სადავეებთან დაბრუნებაა ერთადერთი საზრუნავი. ცინიკურია, პრორუსული მთავრობაო რომ იძახიან, პრორუსულ მთავრობას ლოგიკურადრუსული მხარე ასე არ უნდა ექცეოდეს ხო? ამ ფაქტმა გამოაჩინა თუ რა მყიფე და მსხვრევადია მათი, აი ამ დღევანდელი აქცია პერფორმანსის მოთხოვნები, სურვილები და მიზნები. ახლა არ არის უპასუხისმგებლო განცხადებების დრო, ახლა საჭიროა მოლაპარაკებები, წინა ხელისუფლების მსგავსად რომელიმე გენერლის მედიასთან მიშვება და ბაქიბუქობა რამხელა ზიანის მომტანი იყო, უკვე ვიხილეთ. აუცილებელია, რომ არსებული სიტუაცია მშვიდობიანად განიმუხტოს, ყოველგვარი მოწოდებასაომარი მოქმედებების დაწყებაზე არის ქვეყნის ინტერესების მიღმა მოქმედება, ამ წუთებში ხელისუფლებასთან დაპირისპირება მისი შესუსტების მცდელობაა, იმ მოცემულობაში, რომელშიც ამჟამად ვართ, ერთადერთი, რისი იმედიც უნდა გვქონდეს,ხელისუფლების მტკიცე პოზიცია და დაძაბულობის კერის დიპლომატიურად მოგვარებაა, ყოველი საპირისპირო რეაქცია, რუსეთის ინტერესების გატარებაა და არამც და არამც პატრიოტული აქტივობა“ - მიიჩნევს ბაჩო ოდიშარია.
ვიდეოს ბმული https://www.youtube.com/watch?v=kvwizNrBZSI&feature=youtu.be