1-09-2019
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, კომპანიებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულება ეკისრებათ.
დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.
საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" 1-ლი სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.
დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუმცა ეს იმ პირობით, თუ მას შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა აქვს გავლილი.
თუ მას ჰყავს 20-დან 100-მდე დასაქმებული, ვალდებულია, ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში კი მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ ორი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
ზედამხედველ ორგანოს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე.
13-01-2025