1-09-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სომხეთის ორი მოქალაქე ამ დრომდე „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათი ერევანში გადაყვანა ვერ მოხერხდა.
სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა 31 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. 20 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან 17 სომხეთის მოქალაქე იყო, ორი საქართველოს, ხოლო ერთი – აზერბაიჯანის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.