2-09-2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.
განაცხადების შევსება დევნილის სტატუსის მქონე პირებს მხოლოდ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ.
განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბრიდან დაიწყო და 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ამ ეტაპზე, განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ქ. ზუგდიდში აშენებულ ბინებზე.
განცხადებით მომართვა შეუძლიათ ორი კატეგორიის დევნილ პირებს: ნებისმიერ დევნილ პირს და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გამართული ომების დევნილ ვეტერანებს ან ამ ომებში დაღუპულების დევნილ ოჯახის წევრებს.
ვეტერანების შემთხვევაში, განცხადებების მიღება ამ ეტაპზე შესაძლებელია ზუგდიდში და ასევე თბილისსა და ქუთაისში აშენებულ ბინებზე.
სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.