3-09-2019
„საარჩევნო რეფორმა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა უნდა განახორციელოს შედგება ორი ნაწილისგან. ეს არის თქვენთვის კარგად ცნობილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა“-ამის სესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც წინ გველის და მეორე არის ეუთოს რეკომენდაციები ანუ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელმაც საარჩევნო გარემოს კუთხით მომავალში უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა.
„საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას ყველა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ. ამ ცვლილებების შედეგი საზოგადოებაში, ჩვენს პოლიტიკაში უნდა იყოს ის, რომ დასრულდეს ერთპარტიული დომინაცია, დასრულდეს ის რადიკალიზმი და დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში და იმედია, რომ ეს ცვლილებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ ველზე და უფრო მეტად შექმნის თანამშრომლობის სივრცეს, ნაცვლად იმისა რაც ჩვენ გვაქვს დღეს და სესიის დასაწყისშიც ვიხილეთ.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ მარტო ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს. ამისთვის აუცილებელია ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ხმები მარტივი მიზეზის გამო. იმის გამო, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ გვაქვს და შესაბამისად, ამ უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური ცვლილების მიღებას სჭირდება თანამშრომლობა სხვადსხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, უმრავლესობასა და უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის და მე მინდა მქონდეს იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რომ მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდა, თუმცა მათი ზოგიერთი ნაბიჯი იმედის მიმცემი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც მინდა სურვილი გამოვხატო, რომ ეს ძალ საკუთარ თავსი იპოვონ და ამ მნიშვნელოვან რეფორმას დაუჭირონ მხარი.
რაც შეეხება ეუთოს რეკომენდაციებს, ჩვენ წლის დასაწყისში საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდოდა საარჩევნო კოდექსში, ამით ჩვენ გავითვალისწინებდით რეკომენდაციების დიდ ნაწილს, რომელიც მივიღეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და შესაბამისად, ეს ცვლილებები მომავალი წლისთვის იქნებოდა საფუძველი და გარანტი თანასწორი, სამართლიანი, გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესის, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს სამუშაო ჯგუფი და ამ თემაზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ყველა მნიშვნელოვანი აქტორი ჩართულია - პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და აქაც მინდა მქონდეს იმედი, რომ ყველა ეცდება, განსაკუთრებით პოლიტიკური ძალები, რომ კონსტრუქციულად და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით ჩაერთონ ამ პროცესში და შესაბამისად, სამომავლო განხილვებიც მსგავს რეჟიმში წარიმართოს საქართველოს პარლამენტში.
ეს ორი რეფორმა, როგორც ჩვენ თავიდანვე ვთქვით საშემოდგომო სესიაზე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან 2020 წელი საარჩევნო წელია და ამ დროისთვის ჩვენ სამართლებრივი ბაზა უნდა გვქონდეს სრულიად მოწესრიგებული და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტი ერთობლივი ძალებით შეძლებს ამ მიმართულებით, სწორი, სრულფასოვანი ნაბიჯების გადადგმას და ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის სამართლიან, სწორ, მშვიდ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობას“-განაცხადა ჩუგოშვილმა.