5-09-2019
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ პრემიერმინისტრობისას ის ბოლომდე ვერ დაიხარჯა ჯარისთვის. შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ ამის საშუალება სამომავლოდ მიეცემა.
“ჩემთვის ცოტა უჩვეულოა ახლა, ამ ამპლუაში საზოგადოების წინაშე წარდგენა, ვინაიდან თითქმის 4 წელი ავიღე პაუზა და ჩემი გუნდის გადაწყვეტილებით დაგეგმილია აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩემი დაბრუნება, რაც უაღრესად საამაყოა. ამავდროულად, მე მესმის ძალიან კარგად, რომ ეს დამაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. …და პირველ რიგში საამაყო ჯარისკაცების წინაშე. მე ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ჩემი მინისტრობისა თუ პრემიერმინისტრობის პერიოდში ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის, ამ სამინსიტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე იმდენი, რაც მქონდა მოაზრებული და დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ალბათ გესმით, რომ ვარ უაღრესად მოტივირებული, რომ ახლა, მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, ბოლომდე დავიხარჯო და ღირსეულად ვემსახურო ჯარს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედ ლევან იზორიას და თქვა, რომ ჯარი უნდა გახდეს იმაზე ძლიერი, ვიდრე ის დღეს არის.
“საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, მე მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გაზრდა. მე მწამს, რომ აღნიშნული რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებში შედის”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. მან ასევე ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცების წვლილს ნატოს საერთაშორისო მისიებში.
საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გრძელდება ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი, რომელიც კენჭისყრით უნდა დასრულდეს.
დღეს, 5 სექტემბერს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის 8 კანდიდატს მოუსმენენ. მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯერ გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, შემდეგ კი, 2012 წლის ოქტომბერშივე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, 2013 წლის ნოემბერში კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილი.
ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბრამდე იმუშავა და გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა. ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მმართველ პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოსტი დაიკავა.