თბილისის საქალაქო სასამართლომ მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის სარჩელი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის, წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
როგორც კობა დავითაშვილის ადვოკატი გიორგი ჭიტაძე ამბობს, აღნიშნული სარჩელი ეხებოდა ყოფილი დეპუტატის განცხადების ცილისწამებად ცნობასა და იმის უარყოფას, რომ ფონდში არსებული ბავშვების თანხებს ბურჭულაძე იპარავდა და არადანიშნულებისამებრ ხარჯავდა.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ მოსარჩელის არც ერთი მოთხოვნა, მათ შორის არც მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით, არ დააკმაყოფილა.
“შარშან სექტემბერში პაატა ბურჭულაძემ აღძრა სარჩელი კობა დავითაშვილის წინააღმდეგ და მოითხოვა გადაცემა “რეაქციაში” გაკეთებული განცხადების ცილისწამებად ცნობა და მისი უარყოფა. ეს უკავშირდებოდა კობა დავითაშვილის განცხადებას, რომ ფონდში შესულ ბავშვების თანხებს ბურჭულაძე იპარავდა და არადანიშნულებისამებრ იხარჯებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე ითხოვდა ამ განცხადების ცილისწამებად ცნობას და უარყოფას და დავითაშვილისთვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 25 000 ლარის ოდენობით დაკისრებას. არც ერთი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გუშინ გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლე კანონის მიხედვით ერთი თვის ვადაში მოამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და შემდეგ 2 კვირა ექნება პაატა ბურჭულაძეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, თუ მას ამის სურვილი ექნება.
კობა დავითაშვილი ბუნებრივია კმაყოფილია, მის სასარგებლოდ დასრულდა დავა” - განაცხადა გიორგი ჭიტაძემ.