6-09-2019
ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძო, სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში არსებულ ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორის განცხადებით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
თავის გამოსვლაში ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა „შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია; გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“.
ელჩის განცხადებით, ბორდერიზაციის პროცესი უსამართლოდ აისახება ამ რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე და იწვევს მათ მოწყვეტას საკუთარი მიწის ნაკვეთების, სახლების, საარსებო წყაროებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურისგან. ამასთან ე.წ. საზღვრის გავლება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს.
ჯეიმს გილმორის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დააკვირდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო ძალების ზრდას და მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს.