10-09-2019
აზერბაიჯანის გზებზე საპატრულო ავტომობილების ფორმის პლასტმასის სატყუარები გაჩნდა. ისინი ავარიების აღსაკვეთად არის განკუთვნილი. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი სატყუარა უკვე „ავარიაში“ მოხვდა – ის ავტომობილის მძღოლმა დაამტვრია.
სატყუარები ციმციმებით არის აღჭურვილი, ზოგიერთი კი – რადარებითაც. მათ, ძირითადად, საერთაშორისო ტრასებზე დგამენ.
შორიდან სატყუარა საგზაო პოლიციის ნამდვილ მანქანას ჰგავს. ჩანაფიქრის მიხედვით, ამან მძღოლებს სიჩქარის შემცირება, უფრო ყურადღებით და ფრთხილად ყოფნა უნდა აიძულოს.
ბაქოს საგზაო პოლიციის სამმართველოში ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ასე რომ, აზერბაიჯანმა უბრალოდ მსოფლიო გამოცდილება გადმოიღო.
მაგრამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ამ წამოწყების წარმატების არ სჯერათ.
ზოგიერთი კომენტარი:
„არ გამიკვირდება, რომ მალე ამ სატყუარებმაც ქრთამის აღება დაიწყონ“;
„მათ წინაშე, ვისაც წესები ფეხზე ჰკიდია, ასეთი სატყუარები უძლურია“;
„სრულიად უსარგებლო რამეა. პირველივე შემთხვევის შემდეგ ყველა იგნორირებას გაუკეთებს“.
პირველი ავარია
პირველი „დაზარალებული“ სატყუარა ბაქოსა და ქალაქ შამაჰის დამაკავშირებელ ტრასაზე სულ რამდენიმე დღეს იდგა.
მძღოლი, რომელმაც სატყუარა „გაიტანა“, მალევე დააკავეს, თუმცა არ იუწყებიან, მან ეს შემთხვევით ჩაიდინა თუ განგებ.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანში 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 822 ავარია მოხდა. ეს , გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტია.