12-09-2019
თბილისს დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი, ნატოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.
საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.
მედლინ მუნი ნატოს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.