13-09-2019
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფას ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის გზით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა დაცვას.
ცვლილებების მიზანია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნა.
კერძოდ:
• ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას (ან მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს) მოძალადეზე არაუმეტეს 1 თვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. აღნიშნულის მიზანია მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლი;
• ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დგება ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს;
• მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება წარმოადგენს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით);
• ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო;
• ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN WOMEN-ის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ UN WOMEN-მა შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.