13-09-2019
ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი - ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“
გამოფენა იმართება საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას 60-ზე მეტი ღონისძიებით. სეზონი ერთობლივად ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ.
აუდიტორია შეძლებს იხილოს დავით აღმაშენებლის მონეტა როგორც მუზეუმში, ასევე ინტერნეტ სივრცეში - სპეციალურად შექმნილ ახალ ციფრულ პლატფორმაზე:
https://www.britishcouncil.ge/en/king-david. ვებგვერდზე გაეცნობით დავით აღმაშენებლის ეპოქას და იხილავთ მონეტას 3D ფორმატში.