13-09-2019
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა საზეიმოდ გაიხსნა.
16 სექტემბრიდან, სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე, ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შენობაში შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, შესაბამისი თანხა სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ მიმართა. მან მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სწავლა-განათლების პროცესში წარმატებები უსურვა.
ელჩმა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს მადლობა გადაუხადა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის პრობლემის მოგვარება შეიძლება შეფასდეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტები, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს.
უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.
სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის რაიონის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მაცხოვრებლები.