16-09-2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია , მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებით არის შესაძლებელი.
განცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები, თვალსაჩინო და ხელშესახებია - იგულისხმება ურთიერთობები, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან.
თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.
ამ არჩევანის ერთგული საქართველოს ხელისუფლება იყო და მომავალშიც დარჩება პრინციპული და პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე.
7 წელია "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული.
ერთ დრო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება "ევროპული საქართველოც", დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება.
მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, გადაიხადოს საქართველომ.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ არა ერთხელ უკვე მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში.
სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული.
შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს. რადგანაც ესმით, ე.ი სწორედაც ამ შედეგების გამოწვევა სურთ.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარ -ეფექტებზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ.
შესაბამისად, "ევროპული საქართველოს" მავნე ინიციატივა საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს"-განაცხადა ვოლსკიმ.