16-09-2019
„აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება და ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის გამოვლინება, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. არ გამოვა ასე, რომ თქვენ თქვენი დღის წესრიგი დაალაგოთ და ამაში ჩვენმა მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.
არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი განმარტება ბიუროს სხდომაზე გააკეთა და „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებებს უპასუხა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უმრავლესობის პოზიციის შესახებ მკაფიოდ და ამომწურავად უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ უკვე ისაუბრა.
არჩილ თალაკვაძის აზრით, ალოგიკურია „ევროპული საქართველოს“ მიდგომა და გაგება “კონსტრუქციული თანამშრომლობის” მიმართ: „როგორც ახლა ამბობთ, თუ მართლა შეთანხმება და საერთო გადაწყვეტილების მიღება გინდოდათ, რამ შეგიშალათ ხელი კონსულტაციის გამართვაში? ჯერ გვესაუბრა და მერე გაგეკეთებინათ ინიციირება - თქვენ პირიქით გააკეთეთ. თუ გსურთ კონსტრუქციული თანამშრომლობა და შეთანხმება, კომისია გვაქვს და მოდით, იქ ვილაპარაკოთ ასეთ საკითხებზე”.
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ თავის დროზე, როცა პარლამენტში პარტიებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, შეთანხმება შედგა და რეზოლუციაც იყო მიღებული.
არჩილ თალაკვაძემ ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის მართვაზე, საგარეო პოლიტიკაზე და დეოკუპაციის სტრატეგიაზე მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს და ხელისუფლებას აქვს და ისე ვერ მოხდება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებები ოპოზიციამ განუსაზღვროს ხელისუფლებას: „თუ ქვეყანას და ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან ამოცანებში გსურთ დაეხმაროთ, ამას ყოველთვის მივესალმებით, მაგრამ ისე ვერ მოხდება, რომ საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის მიმართ ჩვენი სტრატეგია და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებები ოპოზიციამ განუსაზღვროს ხელისუფლებას”.
ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის დადგენილებასთან დაკავშირებული კამათი არჩილ თალაკვაძემ მოკლედ დაასრულა:
„ყველაფერი შედეგებით უნდა შევაფასოთ: წინა წლებში რუსეთის აგრესიის შედეგად დავკარგეთ 200-ზე მეტი სოფელი, დავკარგეთ ჯარისკაცები და დაიღუპნენ მოქალაქეები, დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკა და ბევრად გაიზარდა დევნილების რიცხვი. მას შემდეგ გრძელდება ზეწოლა რუსეთის ფედერაციის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. 2012 წლის შემდეგ, ჩვენ შევძელით მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფა, შევძელით პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება. პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და უსაფრთხოება, ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, დემოკრატია და ინსტიტუტები. ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა არის მშვიდობა და მშვიდობიანი გზით ქვეყნის გამთლიანება. პროვოკაციებს ჩვენ არ წამოვეგებით და გაუაზრებელ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, რაშიც შეიძლება შემდეგ მძიმე ფასი ჩვენმა მოქალაქეებმა გადაიხადონ”.
“აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება და ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის გამოვლინება, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. თუ თქვენ გჯერათ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება, შეიტანეთ ეს თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს, ამ პროგრამით შეხვდით საზოგადოებას და სცადეთ მიიღოთ მხარდაჭერა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.