გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
NDI-ის კვლევის თანამხმად, დანაზოგის ქონის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი უმცირესობათა დასახლებებშია

17-09-2019

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: მოსახლეობის 49 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების მხოლოდ 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობისთვის მთავარი ეროვნული საკითხები კვლავ ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები (48 პროცენტი), ფასების ზრდა და ინფლაცია (34 პროცენტი) და სიღარიბე (33 პროცენტი). წინა წლების მსგავსად, ახალი მონაცემები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის 21 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. მოქალაქეების მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43 პროცენტი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. მოსახლეობის ნახევარმა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა. მათივე თქმით, მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ მოახერხებდა (54 პროცენტი). ეროვნულ დონეზე მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ამბობს, რომ დანაზოგი აქვს. დანაზოგის ქონის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი უმცირესობათა დასახლებებშია (24 პროცენტი). კვლევის თანახმად, მოსახლეობა ეკონომიკურ უთანასწორობაზეც საუბრობს: 70 პროცენტის თქმით, საქართველოს ეკონომიკა საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აძლევს სარგებელს. 84 პროცენტის აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხიმგებელი. “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული პესიმიზმი იზრდება, რაც სავარაუდოდ, მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის უარყოფით შეფასებას უკავშირდება,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

- “მოქალაქეები ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლად ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ. ეს პირდაპირი მესიჯია ქვეყნის ლიდერებისთვის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პროგრამები შეიმუშავონ.” მოსახლეობისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვა რჩება. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და მისაწვდომობით კმაყოფილია, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალი ფასი მათთვის შემაშფოთებელია. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურებისა (54 პროცენტი) და წამლის ყიდვის გადადება (50 პროცენტი) მოუწია. ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავაც მაღალია. მოსახლეობის 78 პროცენტი ევროკავშირში, ხოლო 71 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გარდა ამისა, მოქალაქეების 65 პროცენტი სავალდებულო გენდერულ კვოტას ემხრობა, დიდი უმრავლესობის (83 პროცენტი) აზრით კი, ქალები პარლამენტის დეპუტატების მინიმუმ 30 პროცენტს უნდა შეადგენდნენ. 

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.7 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930