18-09-2019
მიმდინარე წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 11 026.3 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 3.8 პროცენტით.
საქასტატის ინფორმაციით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი (17.9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (16.9 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (14.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (11.5 პროცენტი), კავშირგაბმულობა (10.8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (9.3 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (7.4 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (5.2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (4.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (3.0 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა-მეთევზეობა (2.1 პროცენტი). კლება დაფიქსირდა განათლებაში (-7.9 პროცენტი), სამთომოპოვებით მრეწველობაში (-7.7 პროცენტი), მშენებლობაში (-4.6 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობაში (-4.5 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.8 პროცენტი) და მრეწველობა (16.4 პროცენტი) შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.9 პროცენტი), მშენებლობა (8.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4 პროცენტი).