18-09-2019
„ამერიკის ხმა" ტელეკომპანია „იმედს" ბრალდებას უყენებს, რომ „იმედმა" მათი ჟურნალისტის კომენტარი არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა, რასაც „ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა. ამ ბრალდების საპასუხოდ „იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიხლაძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ „ამერიკის ხმა" მომხდარი ამბის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს დაუმონტაჟებელი მასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათი მხრიდან არანაირი სტანდარტი არ დარღვეულა.
„ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ჟურნალისტს, ჯიმ მალონს „იმედმა" ინტერვიუ აშშ-ის 2020 საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ სთხოვა, თუმცა ინტერვიუს განმავლობაში „იმედის" ჟურნალისტმა მას კითხვები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დაუსვა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ჯიმ მალონის საქმიანობის მთავარი ნაწილი აშშ-ის შიდა პოლიტიკაა.
„ვწუხვარ, რომ ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. დაინტერესებულ პირებს შემიძლია დაუმონტაჟებელი მასალა მივცე, რომ სიტყვა-სიტყვით მოისმინონ, რა კითხვებს უსვამს „იმედის" ბიუროს ჟურნალისტი და რა პასუხები აქვს თვითონ ჩვენ რესპონდენტს, რომელიც „ამერიკის ხმის" ჟურნალისტია.
„არანაირი სტანდარტი არ დაგვირღვევია, ინტერვიუ და ფაქტი ჩვენ მიერ დამახინჯებული არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე არის ამ ინტერვიუს ჩანაწერი, სრული ვერსია და შემიძლია ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდო. შემდეგ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რეალურად სად არის ჩვენი ბრალეულობა, რასაც არ ვთვლი. ეს არის ჩვეულებრივი სიუჟეტი, რომელიც აშშ-სა და საგარეო პოლიტიკას ეხებოდა," - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.
„ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია:
„ინტერვიუს მიმდინარეობისას, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა დაიწყო შეკითხვების დასმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მას კომენტარი სთხოვა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკის მწარმოებლის გავლენაზე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ პროცესზე. შეკითხვების ეს ხაზი ინტერვიუს თავდაპირველ თემას სრულიად სცდებოდა და ბატონმა მალონმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების სახელები მას იმ წუთას და ამერიკის არჩევნების კონტექსტში არ ეცნობოდა და რომ არ სურდა მათზე კომენტარის გაკეთება.
„ჯიმ მალონი "ამერიკის ხმაში" წლების მანძილზე შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, კონგრესში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აშუქებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ არის.
„ბატონი მალონი „ამერიკის ხმის" გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის" ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის" საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია," - აღნიშნულია განცხადებაში.