18-09-2019
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო ჰაბი რეგიონში“, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტში ხელი შეეწყობა ინივაციებს და რეგიონალურ განვითარებას:
„როგორც ბატონმა ნიკომ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. შემუშავებულია დეტალური სქემა, სადაც მოცემულია უნივერსიტეტის აკადემიური კონცეფცია, საგანმანათლებლო პროგრამები, თუ როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, უნივერსიტეტის მართვის სისტემა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო ჰაბი რეგიონში. ჩვენ ახალგაზრდებს შევთავაზებთ თანამედროვე ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს, განათლებას ევროპული სტანდარტებით, რომელიც კონცენტრირებული იქნება ინტერდისციპლინარული პროგრამების მხარდაჭერით და ფოკუსი იქნება ცოდნის გამოყენებაზე. უნივერსიტეტში ხელი შეეწყობა ინივაციებს და რეგიონალურ განვითარებას. ზოგადად, ჩვენი ამოცანაა საგანმათლებლო პროგრამებმა მხარი დაუჭირონ ბიზნეს გარემოსა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა თევზაძემ.
მისივე თქმით, 2020 წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო 2021 წლიდან უნივერსიტეტს საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებები დაემატება:
„პირველ სტუდენტს უნივერსიტეტი მიიღებს 2020 წლის შემოდგომის სემესტრში. ახალგაზრდები შეძლებენ აირჩიონ მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამები. სამივე მიმართულებით სწავლა იწარმოებს ინგლისურ ენაზე. ამის შემდეგ, უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების კონცეფციის მიხედვით მოხდება როგორც როგორც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება, ასევე თვითონ სპეციალობების სპექტრის გაფართოება.21-22 წლებში უნივერსიტეტს დაემატება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. მათ შორის, ესაა ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. 22-23 წლებში დაემატება საინჟინრო მეცნიერებები და განათლება, ხოლო 23-24 წლებში უნივერსიტეტი ახალგაზრდებს შესთავაზებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და მედიცინას.მათემატიკის მიმართულებით საბაკალავრო პროგრამის ამოცანაა ახალგაზრდებს მისცეს ცოდნა ძირითადად გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. ეს იქნება საბაზისო ცოდნა, რომელსაც ახალგაზრდები შემდეგ გამოიყენებენ კომპიუტერულ მეცნიერებაში, მენეჯმენტში, ეკონომიკასა და ფინანსებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და საინჟინრო დარგებში.
მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს შესთავაზებს ხუთ დარგობრივ კონცენტრაციას. ესენია: ინოვაცია და მეწარმეობა, მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა, ოპერაციები და მიწოდების ჯაჭვის მართვა, ფინანსები, ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადად ეკონომიკა. კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა ახალგაზრდებს შესთავაზებს ოთხ კონცენტრაციას: ესენია პროგრამული ინჟინერია, კომპიუტერული ქსელები, მონაცემთა ბაზები და კომპიუტერული სისტემები და ხელოვნური ინტელექტი“, - აღნიშნა თევზაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სტუდენტზე ორიენტირებული უნივერსიტეტი, რომელიც ახალგაზრდებს შესთავაზებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეს, რაც გულისხმობს მულტიკულტურული სტუდენტური გარემოს, სადაც სტუდენტების სწავლებაში ჩართული იქნებიან საერთაშორისო აკადემიური პერსონალი:
„უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ბიბლიოთეკა და სამუშაო სივრცეები. იმუშავებს ინტერაქტიული სწავლის მართვის ელექტრონული სისტემა. სწავლასთან ერთად უნივერსიტეტში განვითარდება თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც იგეგმება ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლის შეძენა. ეს იქნება სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუტურა, რომელიც შექმნის წინაპირობებს თანამედროვე სამეცნიერო კვლევევისთვის, როგორც სამედიცინო და ექსპერიმენტულ ფიზიკაში, ასევე რადიაციული ბიოფიზიკაში. აქვე იგეგმება პროტონული თერაპიის ცენტრის დაფუძნებაც. უნივერსიტეტის განვითარების გეგმა ეფუძნება თანამშრომლობას, როგორც მსოფლიოში წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, ასევე უნივერსიტეტებთან.სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგი უნდა იყოს უნივერსიტეტში ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. მათ შორის, ორმაგი ხარსხის და ერთობლივი ხელმძღავენელობის პროგრამები“, - განმარტა თევზაძემ.
მისივე თქმით, უნივერსიტეტი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევით თანამშრომლობას:
„ჩვენთან სტუმრად არის გერმანიის იულიხის მეცნიერებათა ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბერნდ ნოიმაიერი (Bernd Neumaier) და მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითია ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
ცნობისთვის, დღეს ახალი საგანმანათლებლო სივრცის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის“ საერთაშორისო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია.
საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.
ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.
პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.