18-09-2019
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ლიდერი იქნება - არის უდიდესი მიღწევა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს, ფონდი „ქართუსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას დაესწრო.
ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდ ევროს შეადგენს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.
ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, საგანმანათლებლო წრეებისა და საზოგადოების წარმომდგენლები დაესწრნენ.