გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რამზან ახიადოვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

20-09-2019

ინტერპოლით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რამზან ახიადოვის შესახებ საქართველოს იუსტიიის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვის შესახებ:

"როგორც ცნობილია, 2019 წლის 19 სექტემბერს ქართულმა მხარემ ტერორისტული დანაშაულებისათვის ინტერპოლით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება განახორციელა.

ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებისას, ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ტერორიზმის დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო პრიორიტეტი, ინტერპოლის წინაშე არსებული ვალდებულებები, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სტანდარტი. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტია, მათ შორის, შამაევისა და სხვების ცნობილ საქმეზე, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის წერილობითი სამართლებრივი გარანტიების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ვაქვეყნებთ რამზან ახიადოვთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას:

რამზან ახიადოვს ბრალად ედება, რომ ის 2013 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც გაწევრიანდა ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო“-ში (ISIS) და, 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, მის საქმიანობაში მონაწილეობდა. ის იბრძოდა სირიის სახელმწიფოს სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. რ. ახიადოვი, შეიარაღებული ფორმირების სხვა პირებთან ერთად, აწარმოებდა ,,ისლამური სახელმწიფო“-ს კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებზე განთავსებული პოსტების შეიარაღებულ დაცვას.

ასევე, 2015 წლის მარტიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, რამზან ახიადოვი, რომელიც მოცემული დროისთვის კვლავ იყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო“-ს წევრი, იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. მოქმედებდა რა ,,ისლამური სახელმწიფო“-ს ერთ-ერთი ლიდერის მითითებების შესაბამისად, რ. ახიადოვმა დაიყოლია ა.ი. რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ვედენსკის რაიონის ტერიტორიაზე შეექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელიც მოგვიანებით სტრუქტურული ერთეულის სახით შევიდოდა ,,ისლამური სახელმწიფო“-ს შემადგენლობაში. ამასთან, რ. ახიადოვი დაპირდა ა.ი.-ს დაფინანსებითა და თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფას, რა გზითაც ხელი შეუწყო ,,ისლამური სახელმწიფო“-ს რიგების შევსებასა და მის უკანონო საქმიანობას.

რამზან ახიადოვი 2018 წლის 26 სექტემბრიდან ინტერპოლის არხებით იძებნებოდა, ვინაიდან მას რუსეთის ფედერაციაში ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო-“ს საქმიანობაში მონაწილეობა და ამ ორგანიზაციაში წევრობისთვის პირების გადაბირება.

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით 2018 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. ექსტრადიციის პროცესი თავდაპირველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, უზენაეს სასამართლოში. 2019 წლის 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ახიადოვის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში. 2019 წლის 12 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა რ. ახიადოვის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

2019 წლის 30 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ იქნა გარანტია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა სამართალწარმოების, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში - საპატიმრო დაწესებულებაში განთავსების მთელი დროის განმავლობაში რ. ახიადოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; რ. ახიადოვი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას; გარდა ამისა, რ. ახიადოვს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი ყველა უფლებით. იმავე გარანტიის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რ. ახიადოვი განთავსებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და 2006 წლის ევროპული ციხის წესებით დადგენილი სტანდარტების შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ექსტრადიციის საქმის განხილვის პარალელურად, რ. ახიადოვმა საქართველოში ითხოვა თავშესაფარი, რაზედაც მას უარი ეთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ. დაცვის მხარის მიერ მოცემული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ორი სასამართლო ინსტანციის წინაშე კანონით დადგენილი წესით და დარჩა ძალაში.

რამზან ახიადოვს, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის საკმარისი დრო ჰქონდა, მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია და ექსტრადიციის შეჩერება არ მოუთხოვია" - წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930