20-09-2019
თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. ხეები ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ფიჭვების გადასარჩენად სხვადასხვა სახის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ, შეიწამლა, ჩაუტარდა სანიტარიული სხვლა-ფორმირება, მოეწყო სარწყავი ჯამები და მიეწოდა მინერალური სასუქი.
მიუხედავად მიღებული ზომებისა, ფიჭვებზე გავრცელებული დაავადება პროგრესირებს, ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება მათი ახალი, დიდი ზომის ნერგებით სასწრაფოდ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.
30 სექტემბრიდან, სანიტარიული ჭრებისა და ახალი ნერგების დარგვის გარდა, თამარაშვილის ქუჩაზე დაიწყება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების ღონისძიებები, გამწვანებულ შუაგამყოფ ზოლში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, ნოყიერი ნიადაგის შეტანა და ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახის დათესვა.