21-09-2019
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი.
ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა იოაკიმესა და ანას ოჯახში. მის მშობლებს კარგა ხანს შვილი არ ეძლეოდათ, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, შვილს აჩუქებდა. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს უფალს მიუძღვნიდნენ ტაძარში მსახურებისთვის. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო და უდაბნოს მიაშურა, სადაც ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ლოცვა და ქალიშვილი - მარიამი აჩუქა.
ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, "უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა".