23-09-2019
,,ადრონული“ თერაპიის შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში გამოიყენება ე.წ. მძიმე ნაწილაკების კონა. ეს არის დღეს არსებული ყველაზე თანამედროვე მეთოდი" , - ამის შესახებ პროფესორმა, ონკოლოგმა რემა ღვამიჩავამ ,,იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ,,ადრონული“ თერაპიის მეთოდით შესაძლებელია სიმსივნის მკურნალობა მინიმალური დაზიანებით.
,,მიუხედავად იმისა , რომ ძალიან ბევრ კონფერენციაზე მიწევს სიარული, პრაქტიკულად ყველაფერი რაც ონკოლოგიაში ხდება ჩემი თვალით მაქვს ნანახი , მაგრამ ,,ადრონული“ თერაპია მე არ მინახავს იმიტომ, რომ ეს ძალიან ცოტაა. პაციენტებს მიეცემათ არა მარტო იმედი, არამედ რეალური შანსი . ,,ადრონული’’ თერაპიის შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში გამოიყენება ე.წ. მძიმე ნაწილაკების კონა. ეს არის დღეს არსებული ყველაზე თანამედროვე , ყველაზე ეფექტური მეთოდი მარტივი პრინციპის გამო - იმ მთავარ წერტილამდე, სადაც უნდა მიიყვანო სიმსივნონი, მიგყავს მაქსიმალური დოზა, მაქსიმალური, რაც სჭირდება ამ კონკრეტულ სიმსივნეს სამკურნალოდ , მინიმალური დაზიანებით. მკურნალობაც არის ეფექტური“,- განაცხადა რემა ღვამიჩავამ.
რეგიონში პირველი, ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისში განთავსდება. ეს იქნება სიმსივნით დაავადებული უჯრედების განადგურების პირველი ეფექტური მეთოდი , რომელიც ჯერ კიდევ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელია . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული კვლევით ცენტრის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს, რომელმაც ისტორიული პროექტისთვის მილიარდი ევრო გამოყო.
ულტრა თანამედროვე , ძვირადღირებული ტექნოლოგიით აღჭურვილი ,,ადრონული „ თერაპიის ცენტრი , ის რაც ჯერ კიდევ ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის ფუფუნებად რჩება, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილი გახდება. სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა უახლესი ტექნოლოგიით თანამედროვე ამაჩქარებლით -ციკლოტრონით , ამ ცენტრში დაიწყება. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება.