24-09-2019
საქართველოს რეგიონებში 18 ახალი პროექტი განხორციელდება. პროექტები დაფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის მეშვეობით, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც საქართველოს გარემოსდაცვით, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
„წარდგენილი პროექტებიდან საუკეთესოები შეირჩა. დღეს 18 გამარჯვებული დავაჯილდოვეთ. საუკეთესო პროექტებს შორის იყო ქართული ხორბლის იშვიათი ჯიშების აღდგენა/კონსერვაცია, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, ეკოტურისტული პროექტები, ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების დემონსტრირება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ალპურ საძოვრებზე და სხვები. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივები და პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაქვს მოლოდინი, რომ შედეგები საინტერესო იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, პროგრამაში ჩართული არიან ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. პროგრამა ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებებთან და მწვანე ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევას ეროვნულ დონეზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით ღონისძიებების გატარებას.
პროექტების ნუსხაშია კოლხური ხოხბის აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, იშვიათი მცენარეების კონსერვაცია კოლხეთის დაბლობზე, ურბანული ეზოების გამწვანება თბილისში და სხვა.
თვრამეტივე პროექტის საერთო ღირებულება 1.1 მილიონი აშშ დოლარია. აქედან, გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გათვალისწინებული დაფინანსება 500,000 აშშ დოლარს აღწევს, ხოლო მონაწილე ორგანიზაციების მიერ მოზიდული ფულადი და არამონეტარული თანადაფინანსება 600,000 აშშ დოლარია.