24-09-2019
გიგა ბოკერია, რასაც თავად გაჰკივის და მოუწოდებს სხვა პარტიებს ,,პრორუსულ” ძალებთან კოალიციის არშექმნის თაობაზე, საკუთარ პარტიაში გაარკვია ეს საკითხი? - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში“ გიგა ბოკერიასა და რომან გოცირიძის შორის გამართულ დებატებს ეხმიანება.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ საეჭვოა გიგა ბოკერიამ კონსტრუქციულ დებატში უშუალო ნაბიჯი ან ფაქტი მოიყვანოს, რომელიც "ოცნების" პრორუსულობას დაადასტურებდა.
,,გუშინ ბოკერიას დებატებს ვუყურე. მთელი გადაცემის მანძილზე დაახლოებით 100-ჯერ მაინც გაუსვა ხაზი თავისი პარტიის პროდასავლურობას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უაზრო და არაეფექტიანი მეთოდებით ცდილობს პროდასავლურობაზე ექსკლუზივის მოპოვებას, მაგრამ კაი, ამას თავი დავანებოთ. ასევე, ძველბიჭური მანერებით და მისთვის დამახასიათებელი ისტერიკით ითხოვდა პოლიტიკურ პარტიებს ღიად დაეფიქსირებინათ, რომ 2020-ში "ოცნებას" და პრორუსულ ძალებს არ შეუკრავდნენ კოალიციას. ნუ, "ოცნებას" პრორუსოლობასთან რომ აიგივებს ეს ერთი უზარმაზარი სისულელეა და ალბათ ელექტორატის მცირე ნაწილზე აკეთებს ამით ორიენტირებას. ისე, კონსტრუქციულ დებატში მეეჭვება რაიმე კონკრეტული ფაქტი ან/და უშუალო ნაბიჯი მოიყვანოს, რომელიც "ოცნების" პრორუსულობას დაადასტურებდა. თუმცა, ეს საკითხიც გვერდზე გადავდოთ. ახლა მაინტერესებს, რასაც თავად გაჰკივის და მოუწოდებს სხვა პარტიებს (პრორუსულ ძალებთან კოალიციის არშექმნის თაობაზე) საკუთარ პარტიაში მაინც თუ გაარკვია ეს საკითხი. ბოკერიას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა რომ გამოვიდა და "მე მიღირს, ივანიშვილის მონოპოლია პრორუსულ პარტიებთან ერთად დავამარცხო-ო" რომ ამბობდა, ამაზე თუ ჩამოყალიბდნენ რას აპირებენ?
თუ უგულავა მართლა ასე ფიქრობს, რატომ არ დატოვა პარტია? ან თუ მსგავს პრინციპულ საკითხზე ასეთი საკრარული შეცდომა დაუშვა მაინც რატო არ დატოვა პარტია? ეს მაინტერესებს”,- წერს ანდრია გვიდიანი.