25-09-2019
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი ოქტომბრიდან უკვე ორბელიანის მოედანზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელს ხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება. თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის საჭირო რეგისტრაცია გაიარონ.
„პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე და თანაც საკმაოდ წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ საინფორმაცი ოჯიხურში. ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ, მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება - ერთი საათი ერთი ლარი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა სადგომსაც შეეხება.
„იცით, რომ ორბელიანის მოედანზე ჩვენ განვახორციელეთ პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი, რომელიც საჩვენებელია თავისი ხარისხით, ავტომობილების რაოდენობით. ის, დაახლოებით, 180 მანქანაზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე სისტემით - სახანძრო სისტემა, სამეთვალყურეო კამერები, ანუ რაც კი მოთხოვნილია მსგავსი პროექტისთვის, ყველაფერი მაქსიმალურად გათვალისწინებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.