25-09-2019
"წარმოდგენილი ბიუჯეტი მეტად არის ორიენტირებული როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ისე სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც", - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.
პირველი რაც უნდა გამოიყოს, ეს არის განათლების რეფორმის მხარდაჭერა, და როგორც დაანონსებული იყო მთავრობის მიერ, გაიზარდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება, კატეგორიების მიხედვით 150 ლარით, რაც ბუნებრივია აისხა კიდეც ბიუჯეტის პროექტში. მხოლოდ მისასალმებელია, რომ უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში გამოიყო თანხები ასაკოვანი პენსიონერი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც რომლებიც თავიანთი სურვილით ტოვებენ განათლების სისტემას და როგორც ვხედავთ ეს დამსახურებული ადამიანები მიიღებენ 2 წლის ანაზღაურებას. ეს მიდგომა, სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რაც პრინციპულად განსხვავდება თუნდაც წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან, როდესაც ხდებოდა ადამიანების იძულებით განთავისუფლება და პრაქტიკულად ბედის ანაბარად ტოვებდნენ. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება იზრდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების მიმართულებითაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის ერთიან კონცეფციაში.
ბიუჯეტის პროექტში ასევე უნდა გამოიყოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაფინანსების ზრდაც, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკის სტიმულირებისათვის და პირველ რიგში, ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გრძელდება საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ერთიან სტრატეგიაში, შიდა საგზაო ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტებთან ერთად. მარტო მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მლნ ლარით არის გაზრდილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანდაფინანსებასთან ერთად, რისთვისაც 32 მლნ ლარია გამოყოფილი.
ცალკე უნდა გამოიყოს სოფლის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის დაფინანსებაც 20 მლნ ლარიდან 40 მლნ ლარამდე იზრდება, ისევე როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაფინანსება - 26 მლნ ლარით;
მთლიანობაში, წარმოდგენილი ბიუჯეტი გაცილებით მეტად არის ორიენტირებული როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ასევე სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც, რაც დადებით ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ"-განაცხადა ცუცქირიძემ.