25-09-2019
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და სამმაგი პოლიტიკური სტანდარტი - ამ თემას მიეძღვნა ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკა“.
გადაცემის წამყვანის, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტის გურამ ნიკოლაშვილის თქმით, პრეზიდენტმა შეიწყალა სკანდალური დამნაშავეები, რომელთა გამოშვებამაც სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა საზოგადოებაში, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, დაიწყო მოწმეთა დაკითხვები, თუმცა ამ დროისთვის არსებული კომენტარებითა და განცხადებებით ვერ ხერხდება იმ სურათის გამოკვეთა, თუ როგორ მომზადდა სია, ვინ იყვნენ რეკომენდატორები და როგორ მოხვდნენ სკანდალური დამნაშავეები შესაწყალებელთა სიაში.
„ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ სკანდალმა კიდევ ერთხელ მიაყენა სერიოზული დარტყმა შეწყალების საპრეზიდენტო უფლებამოსილებას. წინა გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობდით იმ სკანდალებზე, რაც თან ახლდა სხვადასხვა პრეზიდენტის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებას. პრეზიდენტ სააკაშვილს სასამართლოზე დაუმტკიცდა შეწყალების დანაშაულებრივი განზრახვით ბოროტად გამოყენება, პრეზიდენტი მარგველაშვილი მუდმივად ეხვეოდა კრიტიკის ქარცეცხლში უფლების განხორციელებისას, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ აშკარად უსამართლოდ გამოყენებულმა მექანიზმმა ააგორა საზოგადოებრივი პროტესტის ისეთი ტალღა, რომელიც ცალსახად მოითხოვს მკაფიო პასუხებს დასმულ კითხვებზე“ - ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს - „ჩვენ ყველანი ველით ამ პასუხებს, გამოძიების შედეგებს, რომელსაც აუცილებლად მოუწევს ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთა. მანამდე კი, ვიდრე 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის შედგენის საკითხს ნათელი მოეფინება, ჩვენ ვხედავთ და გვესმის ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები და კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ“.
როგორც გურამ ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ბოლო სამი პრეზიდენტის მაგალითზე გვაქვს შეწყალების უფლების არამართებული გამოყენების ფაქტი და ამ ფაქტებზე ოპონენტთა კომენტარები მთლიანად პოლიტიკური კონიუნქტურითაა განპირობებული.
„მაშინ, როდესაც სააკაშვილს დაუმტკიცდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გირგვლიანის მკვლელობაზე მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეზე, ოპოზიცია საუბრობდა პოლიტიკურ დევნაზე და მთლიანად გამორიცხავდა რაიმე დანაშაულებრივ განზრახვას.
როდესაც გიორგი მარგველაშვილი გაეხვა შეწყალებების გამო კრიტიკის ქარცეცხლში, ხელისუფლებასთან მისი დაპირისპირების გამო ოპონენტები მაინც ქართულ ოცნებას აკრიტიკებდნენ.
სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში კი ოპონენტებმა პირდაპირ მის იმპიჩმენტზე დაიწყეს საუბარი. სწორედ ესაა ის სამმაგი სტანდარტი, რაც გამოიყენება ერთიდაიგივე თემის კომენტირებისას.
ნებისმიერ შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება და პოლიტიკური პასუხი აუცილებლად უნდა მოჰყვეს ბოლო სკანდალურ შეწყალებას, რაც არამარტო პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის, არამედ მთლიანად შეწყალების მექანიზმის გადახედვის საფუძველიც შეიძლება გახდეს“ - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.