26-09-2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, როდის იქნება მეშახტეებისთვის გასტუმრებული ხელფასები და როდის აღდგება მადნის მოპოვება უსაფრთხო შრომის პირობებში.
ამის შესახებ თურნავამ ტყიბულში კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“-ს წარმომადგენლებთან და მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩემთვის მთავარია, კომპანიისგან მოვისმინო დამაჯერებელი პასუხები, თუ როდის იქნება მეშახტეებისთვის გასტუმრებული ხელფასები, და რაც მთავარია, როდის აღდგება მადნის მოპოვება უსაფრთხო შრომის პირობებში, როდის დაიწყებს საწარმო ნორმალურად ფუნქციონირებას. ხელფასების საკითხი უნდა გადაწყდეს უსწრაფესად“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, მთავრობა იქნება გარანტორი, რომ კომპანიამ მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
„ჩვენ ძალიან გვაღელვებს ტყიბულელი მეშახტეების ბედი, კარგად ვიცი ეს სფერო, პრემიერ-მინისტრის უმკაცრესი დავალება მაქვს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები, პირველ რიგში კი თქვენთვის, მეშახტეებისთვის - თქვენ ხართ „საქნახშირის“ მთავარი სიმდიდრე, აქაური მთავარი ძალა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ ნახშირის მოპოვებას საქართველოში აქვს მომავალი და ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსის არსებობისთვის.
„ მოვთხოვ პასუხს და გეგმას ინვესტორებს. იმედია, ძალიან დამაჯერებელი გეგმა იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღდგება უსაფრთხო მოპოვება. უნდა მოვნახოთ ბალანსი, რომ ქვანახშირის მოპოვება აღდგეს და თქვენი შრომა უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა.