27-09-2019
„მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისკენ და დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა, მათი პოლიტიკური ნების გამოვლინების გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა, რადგან ის არის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიების და მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა იმ პოზიტიურ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა 2012 წლიდან და მე ძალიან დეტალურად ვესაუბრე და პირველად მქონდა შესაძლებლობა რომ მეთქვა თუ რა ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის არის კარსანი-აბაშიძის ფორმატი, ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც პირნათლად ვასრულებთ და რასაც ვითხოვთ, რომ მათგანაც მოხდეს შემხვედრი ნაბიჯების გადაგმა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი, ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპია ჟენევის მოლაპარაკებებში და ბუნებრივია მიუღებლობა იმისა, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, რომ ადამიანები ვინც იქ ცხოვრობენ, მათ ექმნებათ სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემები თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ ასპექტს“ -განაცხადა ზალკალიანმა იმედის პირდაპირ ეთერში, რუსეთის ფედრაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შვეიცარიის კონფედერაციის მედიაციით გამართული შეხვედრის კომენტირებისას.
დავით ზალკალიანის განცხადებით იმის ილუზია, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევას ექნება ადგილი არ არსებობს, თუმცა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივა იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაეფიქისრებინა საკუთარი პოზიცია.
შეგახსენებთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა.
შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.