27-09-2019
ახლა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, რომელმაც შეძლო ახალი ინვესტორის მოძიება, მკაცრი მონიტორინგი გასწიოს და ბიუროკრატიული ბარიერების წარმოქმნის შემთხვევაში, დაეხმაროს, რათა ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება სრულფასოვნად განახლდეს,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ტყიბულს, მის ხალხს სჭირდება ქვანახშირის მოპოვების განახლება, რადგან ეს ამ ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის შემოსავლების ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ ამავე დროს, ეს სამუშაო უნდა იყოს უსაფრთხო.
,,ტყიბულში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს მთელი საქართველო ადევნებდა თვალს. პროტესტი გაჩერებულ შახტებში გამოიწვია შექმნილმა რთულმა ვითარებამ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას ითხოვდა. თანაც, საუბარია არა მხოლოდ პრობლემური საკითხის გადავადებაზე, არამედ მის ძირეულ მოგვარებაზე. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა და გაფიცვის დასრულება სწორედ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალების შემდეგ, სახელმწიფოს აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შედეგად მოხერხდა. ტყიბულს, მის ხალხს სჭირდება ქვანახშირის მოპოვების განახლება, რადგან ეს ამ ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის შემოსავლების ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ ამავე დროს, ეს სამუშაო უნდა იყოს უსაფრთხო. გუშინ ნათლად გამოჩნდა, რომ გამოიძებნა გამოსავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქალაქისთვის, როგორიცაა ტყიბული, რომლის ეკონომიკაც, ძირითადად, ეს საწარმოზეა დამოკიდებული. ახალმა ინვესტორმა პირობა დადო, რომ საბადოების ტექნიკურ გადაიარაღებაში ინვესტიციას ჩადებს, ასევე მოახდენს პერსონალის გადამზადებას, რაც მათ ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ნოემბერში ქვანახშირის მოპოვებაც განახლდება”,- წერს ოთარ ანგურიძე.
როგორც ექსპერტი აცხადებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, რომელმაც შეძლო ახალი ინვესტორის მოძიება, მკაცრი მონიტორინგი გასწიოს და ბიუროკრატიული ბარიერების წარმოქმნის შემთხვევაში, დაეხმაროს, რათა ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება სრულფასოვნად განახლდეს.