27-09-2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან კიტ კრაჩთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს ორმხრივ ურთიერთობაში ამჟამად არსებულ მაღალ დინამიკას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერისთვის.
მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების არსებული გარემოსა და ადგილზე ბოლო განვითარებების შესახებ. ამასთან, საოკუპაციო ხაზზე ბოლო გართულებების ფონზე, მხარეები მიესალმნენ შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკაციას და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ვითარების დეესკალაციას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს და მის ყველა მიმართულებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების გზებზე. აღინიშნა საერთო ძალისხმევის მიმართვის და აქტიური მუშაობის მიზანშეწონილობა ისეთ საკითხებზე, როგორც არის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, ინვესტიციების ზრდა, პირდაპირი ავიამიმოსვლა და სხვა. ამ მხრივ ხაზი გაესვა მოცემული საკითხების მიმართ აშშ-სა და საქართველოში არსებულ მაღალ პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან ფუნქციას რეგიონში, როგორც საინვესტიციო და ბიზნეს, ისე სატრანზიტო შესაძლებლობებით.