29-09-2019
მოგეხსენებათ, საქართველოში ცნობილი ამერიკული ფილმის, „ფორსაჟის“ მორიგი სერიის გადაღება დასრულდა. გადაღების პროცესში დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩის გადაკეტვა გახდა აუცილებელი, რასაც მოსახლეობა და განსაკუთრებით მძღოლები, არცთუ კეთილგანწყობით შეხვდნენ.
ვეცადეთ წარმოგვედგინა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ „ფორსაჟის“ შემოქმედებითი ჯგუფი გადასაღებ ლოკაციად საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს აირჩევდა.
მაშ ასე:
გადაღებების საქართველოში წარმოების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან სამი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის გაბრწყინებულსახიანი წამყვანები ქვეყნის მორიგ ისტორიულ წარმატებას დააანონსებდნენ, ხოლო უშუალოდ ამ ამბავს საზოგადოებას არც მეტი არც ნაკლები, თვით მიხეილ სააკაშვილი პირდაპირი ეთერით ამცნობდა და აუცილებლად გაუსვამდა ხაზს იმ ფაქტს, რომ მსგავსი ისტორიული მოვლენა რეალობად მხოლოდ მისი დაუცხრომელი მეცადინეობის შედეგად იქცა. ამას რა თქმა უნდა, მოაყოლებდა, რომ ჩვენი ქვეყნის ასეთი აღიარება მოსვენებას უკარგავს საქართველოს ნომერ პირველ მტერს საზღვარგარეთ, რომელიც მზად იყო ფორსაჟის გადამღები ჯგუფისთვის წითელი მოედანიც კი დაეთმო, მაგრამ ამ უკანასკნელებმა, მისი წყალობით, არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს.
მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგის შემდეგ ტელეწამყვანები (სავარაუდოდ ვინ დიზელის გამოსახულებიანი მაისურით შემოსილნი, როგორც ეს ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოხდა, როდესაც „კურიერის“ გუნდს ფეხბურთელების ფორმები ჩააცვეს) სიუჟეტს წარადგენდნენ, სადაც დეტალურად იქნებოდა მიმოხილული „ფორსაჟის“ ისტორია, რის შემდეგაც მაყურებელს უკვე ვინ დიზელის პერსონალურ ბიოგრაფიას გააცნობდნენ (თითო სიუჟეტის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 18 წთ).
"ვიორსტკას“ გააგრძელებდნენ სპეციალურად ამ მოვლენისთვის მომზადებული „დამოუკიდებელი ექსპერტები“, რომლებიც სამივე ტელევიზიაზე გადანაწილდებოდნენ და მაყურებელს კიდევ ერთხელ მიულოცავდნენ ამ ღირშესანიშნავ მოვლენას, თანაც ხაზს გაუსვამდნენ, რომ ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, ვინაიდან, „ფორსაჟის“ შემოქმედებითი ჯგუფი ფილმის გადასაღებად ქვეყნებს შემთხვევით არ ირჩევს და აქ ჩვენ უნდა ამოვიკითხოთ შეერთებული შტატების, ნატოსა და ევროკავშირის მკაფიო და გაბედული მესიჯი იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა სულ მალე, მინიმუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.
ერთ-ერთი ტელეკომპანია, რომელიც თვით მიშას დროსაც კი ცდილობდა ქება-დიდებით გამორჩეული ყოფილიყო, აუცილებლად შეეცდებოდა მოეპოვებინა ვინ დიზელის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ბედნიერია, რომ ფილმის გადაღებების დროს საქართველოში მოუწევს ჩამოსვლა.
ნუ, ბოლოს და ბოლოს, თუ ვინ დიზელის კომენტარს ვერ მოიპოვებდა, ინტერნეტსივრცეში მოიძიებდნენ მის ნებისმიერ ინტერვიუს, ინგლისურენოვან ვერსიას ხმას ბოლომდე ჩაუწევდნენ და ქართულად დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტით გაახმოვანებდნენ:
„დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა, რადგან შევიტყვე, რომ „ფორსაჟის“ მორიგი სერიის გადაღება სწორედ თქვენს ლამაზ სამშობლოში მოხდება, რომელზეც მე ბევრი რამ მსმენია.
ვიცი, რომ თქვენმა ქვეყანამ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ არნახული წინსვლა განიცადა, როგორც ეკონომიკური, ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით. ვიცი, რომ თქვენი პრეზიდენტი ახალგაზრდა, ენერგიული რეფორმატორია, რომელმაც ქვეყნის ცხოვრებაში, მოკლე დროში სასწაული მოახდინა. მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლას“.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებას ამ საზარზეიმო ამბავს ამცნობდნენ, დაიწყებოდა ათვლა, რამდენ დღეში ჩამოვა საქართველოში ვინ დიზელი და ფილმის გადამღები ჯგუფი.
მაგალითად, საინფორმაციო გამოშვებების ქუდამდე გავიდოდა მოკლე ვიდეორგოლი: ვინ დიზელის ჩამოსვლამდე დარჩა 6 დღე; ვინ დიზელის ჩამოსვლამდე დარჩა 5 დღე და ა.შ.
უშუალოდ გადამღები ჯგუფის და მსახიობების ჩამოსვლის დღეს კი, სამივე ტელეკომპანიის პირდაპირი ჩართვის აპარატურა აეროპორტში სტრატეგიულ სიმაღლეებს დაიკავებდა, დასაფრენ მოედანს ვინ დიზელის თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია მიაწყდებოდა, აეროპორტის ტრასაზე ჩამწკრივებული ბედნიერი ხალხი კი სამსახიობო ხელოვნების გიგანტს ოვაციებით შეეგებებოდა. (თითო ჩართვის ჯგუფი აეროპორტის ტრასაზეც იქნებოდა მობილიზებული)
ტელევიზიებს კომენტარებს მისცემდნენ კულტურის იმ დროისთვის აღიარებული კორიფეები და ესტრადის ვარსკვლავები გაბრწყინებული სახით და ოდნავ ამაღლებული, საზეიმო ტონით. პირდაპირი ჩართვის დროს შიგადაშიგ წინასწარ გატრენინგებული „ჩვეულებრივი მოკვდავების“, იგივე ნაცკოორდინატორების ამაღელვებელ კომენტარებსაც შემოგვთავაზებდნენ, სადაც ისინი ცრემლიანი თვალებით აღნიშნავდნენ, რომ თავიანთი კუმირი მსახიობის ახლოს ხილვაზე ვერც კი იოცნებებდნენ. მათი სინქრონები მიშასადმი სამადლობელი ფრაზებით დასრულდებოდა.
„ფორსაჟის“ შემოქმედებით ჯგუფს პირველივე საღამოს აუცილებლად მისი უმაღლესობა უმასპინძლებდა, ვინ დიზელს ჭიქას მიუჭახუნებდა და ხაზს გაუსვამდა, რომ როდესაც ის ამერიკაში სწავლობდა, სწორედ იმ პერიოდიდან გულშემატკივრობდა ამ დამწყებ, მაგრამ გენიალურ მსახიობს.
გადაღების პროცესში მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად მივიდოდა გადასაღებ მოედანზე, ავტომობილშიც ჩაჯდებოდა და ცოტას „წაიგონკავებდა“ კიდეც, ხოლო დიზელი მის ავტომრბოლურ მონაცემებს კომპლიმენტით შეამკობდა (სტუმარ-მასპინძლობის და ზრდილობის საკითხია ბოლო-ბოლო).
თუ ვინმე გადაკეტილი გზების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ავტომატურად ჩაეწერებოდა რუსეთის აგენტების სიაში, ხოლო მის შემდგომ ბედზე უკვე ვანო მერაბიშვილი და მშობლიური შინაგან საქმეთა სამინისტრო იზრუნებდა.
შემოქმედებით ჯგუფის საქართველოდან გაცილების ცერემონიალს გვერდს ავუვლით და პირდაპირ ფილმის პრემიერაზე გადავალთ:
რაღა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებდა ფილმის პრემიერაზე მოსახვედრად, ხოლო მისი ერთგული ტელევიზიები გამოაცხადებდნენ, რომ პრემიერაზე სააკაშვილი სპეციალურად მიიწვიეს.
საერთო-საქვეყნო-საზეიმო ფეხის ხმას არც მისი უმაღლესობის ჟამთააღმწერელი, სვიმონი ჩამორჩებოდა და აღნიშნავდა, რომ მას შემდეგ, რაც ფარსმან (მეორე) ქველს რომში ძეგლი დაუდგეს, საქართველოს საგარეო ასპარეზზე მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევია.
ამავე პერიოდში გამოვიდოდა მისან ლელა კაკულიას გაზეთის ახალი ნომერი, რომლის სათაურთაგან პირველ რიგში გამოტანილი იქნებოდა შემდეგი: „ვხედავ, „ფორსაჟის“ 26-ე სერიასაც საქართველოში გადაიღებენ, რომელიც უკვე ნატოს წევრი იქნება“.
მოვლენებში, ასევე აუცილებლად ჩაერთვებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო (თავმჯდომარე - გიგა ბოკერია, მოადგილე - თამარ კინწურაშვილი). აღნიშნული ინსტიტუციის ბიუჯეტიდან დაუშურვებლად გაიღებდნენ ფულს, რათა რომელიმე უცხოურ (სასურველია ამერიკულ), წამყვან გამოცემას დაეწერა იმ სასწაულის შესახებ, რასაც „ფორსაჟის“ საქართველოში გადაღება ჰქვია.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი, სამივე ტელევიზია, ტრადიციული სცენარით, სინქრონულად, გადანაწილებული მოექსპერტო ელემენტების კომენტარებით გვამცნობდა, რომ საქართველოს ტრიუმფი უკვე მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმაც აღიარეს
რაც შეეხება ხალხს: ხალხი იქნებოდა კვლავ მშიერი, მაგრამ კმაყოფილი.
p.s. ძნელი სათქმელია, მაგრამ საინტერესოა გაბედავდა თუ არა მაშინ გოგი გვახარია „ფორსაჟისთვის“ პაპსა ეწოდებინა და თუ გაბედავდა რა მოხდებოდა!
არადა გვახარიასთვის „ფორსაჟი“ დაახლოებით იგივეა, რაც შოპენისთვის „მაკარენა“ იქნებოდა.
p.p.s. თემატური გაგრძელება იქნება
შაქრო ბილობილაძე