1-10-2019
პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის №45/106 რეზოლუციის საფუძველზე 1990 წლიდან დაწესდა.
საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ხანდაზმული (60+) პირია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაბერებაზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.
„ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას ცალკე თავი ეთმობა, რომელშიც აისახება მათ შორის ხანდაზმულთა სპეციალიზებული დაწესებულებების (თბილისსა და ქუთაისში) და სათემო ორგანიზაციების მონიტორინგისა და აპარატის მიერ შესწავლილი სხვადასხვა საქმის შედეგები.
ზემოაღნიშნულის პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის თანამშრომლობს დაბერების შესახებ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფთან, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება და ხელშეწყობა. ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევით ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესაფასებლად, 2018 წელს საქართველოს გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ეწვია, რის შედეგადაც მომზადდა გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშში , სადაც ხანდაზმულ პირთა მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად ხელისუფლების მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევები არ ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და ისინი სისტემურ პრობლემებს უკავშირდება. პრობლემებს შორის აქტუალურია „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ პარალელურად მის განსახორციელებლად საჭირო ეროვნული სამოქმედო გეგმის არარსებობა, ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა და ამ მიმართულებით სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემების არარსებობა, მძიმე სოციალურ ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბე და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა.
სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს ქვეყანაში ხანდაზმულთა საჭიროებებს და მათი პრობლემები წლიდან წლამდე თითქმის უცვლელია. არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად არსებითად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია და საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში დასახული ამოცანების შესრულების მიზნით, ეტაპობრივად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ხანდაზმული პირებისთვის ადამიანის უფლებების განუხრელ და სრულფასოვან რეალიზაციას“-აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.