გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა ღონისძიებები გაიმართება „თბილისობა 2019“-ის ფარგლებში - მერია პროგრამას აქვეყნებს

1-10-2019

მიმდინარე წლის 5-6 ოქტომბერს "თბილისობა 2019" გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

მერიის ცნობითვე, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; "მულტიეთნიკური თბილისი" რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი "გვიდიროჟორე"; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

ლეღვთახევში მოეწყობა "მუზეუმი ღია ცის ქვეშ", სადაც წარმოადგენენ კლდეზე პროექციას: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოებს, ცნობილ ფერწერულ ნამუშევრებსა და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - "მე ვარ თბილისი". ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: "დილის საარი", მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე - "გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო"; "საჰაერო კინტაური"; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე "კინტაური "ხანუმადან"; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია - "ქართველი მხატვრები"; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე - "ქარი კვლავ არხევს"; ნინო რამიშვილის "ჯეირანი", "სუხიშვილების" "დავლური" და "ყარაჩოღლური"; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი - კომპოზიცია "მოგონებები"; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე - "შენ, მხოლოდ შენ"; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი - ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე; გოგი დოლიძის კადრები - ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი - "მონატრება"; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე - "მუხამბაზი" და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.

თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა - "მუარე იქსფირიენს", რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930